მოსამართლე ნანა შამათავამ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 70 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
მოსამართლის განცხადებით, ბრალდებულის მიმალვის საფრთხე მინიმალურია და აღკვეთის ღონისძიების სახით სასჯელის უმკაცრესი ფორმის, პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა არ არსებობს.
პროკურატურა ბიზნესმენის დაპატიმრებას ითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე სანაცვლოდ 50 000-ლარიან გირაოს სთავაზობდა.
თავად გიორგი რამიშვილმა განაცხადა, რომ “მისი შეცდომისთვის 4-დან 7 წლამდე სასჯელი ძალიან ზედმეტია”.
“ეს არის შეცდომა, რაც ნებისმიერ ადამიანს შეიძლება მოუვიდეს. უცხოეთში მივდიოდი. ჩანთიდან რამდენჯერმე რაღაც ამოვიღე კიდეც და ვერ შევამჩნიე, პატარა იარაღია. მივაწოდე ჩანთა კონტროლს და იქვე აღვნიშნე, რომ რაღაცა შეცდომა იყო. მაგრამ ასეთი რანგის შეცდომის დასჯა 4-დან 7 წლამდე ძალიან ზედმეტია. ძალიან ვნანობ. კანონი არასდროს დამირღვევია, რაც თავი მახსოვს. ყველა ჩემს მანქანას მართავს მძღოლი. ჯარიმა კიდევ იმისაა, რომ გადაიხადო. შემთხვევით იყო ჩანთაში და რომ მცოდნოდა, ხომ 100%-იანი შანსია, რომ ამოვარდება. არ იქნებოდა ადეკვატური.
გაქცევაზე და მიმალვაზე ლაპარაკი ზედმეტია. ოჯახი აქ მყავს, 7000 თანამშრომელი. რა მჭირს გასაქცევი? არასდროს მსგავსი რამ არ მომხდარა”, – განაცხადა მან.
გიორგი რამიშვილს გირაოს გადასახდელად ვადა 30 დღე მისცეს.
საქმეზე წინასასმართლო სხდომა 26 აგვისტოს, 15:00 საათზე დაინიშნა.
საქართველოს პროკურატურამ თბილისში გიორგი რამიშვილს (“ზარალა”) ბრალდება წარუდგინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 6 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში, რენტგენო-სკანერით შემოწმებისას ბრალდებულს ხელბარგში აღმოაჩნდა მასზე შენახვის უფლებით რეგისტრირებული „WALTHER PPK/S“ მოდელის 9 მმ კალიბრის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდითა და 7 ცალი 9 მმ კალიბრის საბრძოლო ვაზნით, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – აცხადებენ პროკურატურაში.
გიორგი რამიშვილს 4-დან 7 წლამდე ციხე ემუქრება, პროკურატურა წინასწარ პატიმრობას ითხოვს







