ახალი ამბები

TI: რაჟდენ კუპრაშვილი მალავს ბიძინა ივანიშვილის ქონებრივ დეკლარაციას

20 ივნისი, 2025 •
TI: რაჟდენ კუპრაშვილი მალავს ბიძინა ივანიშვილის ქონებრივ დეკლარაციას

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI) განცხადებით, ანტიკორუფციული ბიურო  მალავს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ქონებრივ დეკლარაციას.

„ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს 2024 წლის ბოლოს ქონებრივი დეკლარაციის შევსება უწევდა. ეს ვალდებულება მას არჩევნების შემდეგ მცირე ხნით პარლამენტის წევრად ფორმალურად ყოფნის გამო წარმოეშვა. დოკუმენტი არ იძებნება დეკლარაციების ვებგვერდზე. ანტიკორუფციულმა ბიურომ არც საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შედეგად მოგვაწოდა ის.

შედარებისთვის, ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაცია, რომელიც ასევე მცირე ხნით ფორმალურად იყო პარლამენტის წევრი, ვებგვერდზე ხელმისაწვდომია. არსებობს იმის ალბათობაც, რომ ოლიგარქმა ივანიშვილმა საერთოდ არ შეავსო დეკლარაცია.

რაჟდენ კუპრაშვილი, რომელმაც სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიების შემსრულებლის როლი შეითავსა, უფლებადამცველი ორგანიზაციებისგან უკანონოდ ითხოვს მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალურ ინფორმაციას მაშინ, როცა ქონებისა და კავშირების დეკლარირებისა და ამ ინფორმაციის გასაჯაროების კანონით მკაფიოდ გაწერილ ვალდებულებას უხსნის ამ რეპრესიების დამკვეთ ივანიშვილს“, – ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებაში.

განახლება:

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“  განცხადებით გამოეხმაურა „ქართული ოცნება“ და ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაცია უწოდა.

„ბიძინა ივანიშვილმა, ქონებრივი დეკლარაცია, რომლის შევსების ვალდებულება მას, როგორც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, პარლამენტის წევრობის კანდიდატს დაეკისრა, 2024 წლის 4 ოქტომბერს შეავსო. ბიძინა ივანიშვილის, როგორც პარლამენტის წევრობის კანდიდატის მიერ შევსებული დეკლარაცია ანტიკორუფციული ბიუროდან „რადიო თავისუფლებამაც“ გამოითხოვა და ამ თემას 2024 წლის 31 ოქტომბერს სტატიაც მიუძღვნა, სათაურით – „ივანიშვილის ოჯახის დეკლარირებული ქონება: საქართველოში, რუსეთსა და საფრანგეთში”.

რაც შეეხება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მტკიცებას, რომ ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება, ბიძინა ივანიშვილს „არჩევნების შემდეგ მცირე ხნით პარლამენტის წევრად ყოფნის გამო წარმოეშვა“, ორგანიზაციას შევახსენებთ, რომ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, „პირი ვალდებულია თანამდებობაზე განწესებიდან ორი თვის ვადაში წარადგინოს ანტიკორუფციულ ბიუროში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.“ ასევე, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის“ შესაბამისად, პირი თავისუფლდება დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან თუკი მას საჯარო დაწესებულების სისტემაში დაკისრებული აქვს თანამდებობის პირის მოვალეობის შესრულება არაუმეტეს 2 თვის ვადით.

ამავე კანონის თანახმად, „საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ვალდებულია პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციიდან 1 კვირის ვადაში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი გამარტივებული ფორმით შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ, ამ მუხლის თანახმად, მას იმ წელს შევსებული აქვს დეკლარაცია.“

კანონში არსებული ზემოაღნიშნული დათქმებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” სიცრუეს ავრცელებს. მე-11 მოწვევის პარლამენტმა, 2024 წლის 25 ნოემბერს გამართულ პირველ სხდომაზე, დეპუტატების, მათ შორის, „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომრის, ბიძინა ივანიშვილის უფლებამოსილება ცნო, რომელიც მას ამავე წლის 10 დეკემბერს, მისივე მიმართვის საფუძველზე შეუწყდა. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის მიერ თანამდებობის დაკავება, მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის პერიოდი არ აღემატება 2 თვეს“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ საპასუხო განცხადებას გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“. ორგანიზაციის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს მოქალაქეები დააჯეროს, თუ რატომ უნდა იყოს ხალხისგან დამალული ივანიშვილის ქონება და რატომ უნდა იდგეს ის კანონზე მაღლა.

„მათი მტკიცებით, ივანიშვილის შემთხვევაზე ვრცელდება გამონაკლისი, რომელიც ეხება თანამდებობის პირის დროებით მოვალეობის შემსრულებლებს. ბიძინა ივანიშვილი არ ყოფილა დროებით მოვალეობის შემსრულებელი, ის იყო არჩეული დეპუტატი და მისი უფლებამოსილების შეწყვეტა მოხდა პარლამენტის მიერ. შესაბამისად, ეს გამონაკლისი მასზე არ ვრცელდება.

აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარ თავსაც ეწინააღმდეგება, რადგან კანონის სწორი ინტერპრეტაცია გავრცელდა ირაკლი ღარიბაშვილზე, რომელმაც კანონის შესაბამისად, ქონებრივი დეკლარაცია შეავსო დეპუტატის მანდატის დატოვების შემდეგ – სწორედაც, რომ პარლამენტის ყოფილი წევრის სტატუსით.

2 თვეზე ნაკლები ვადით დეკლარაციის ვალდებულებისგან გათავისუფლება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაზე, როდესაც პირი დროებით ასრულებს იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ფუნქციას, ანუ ხდება თანამდებობაზე დროებითი შიდა ჩანაცვლება. ეს გამონაკლისი არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც პირი სრულიად ახალ თანამდებობაზე ინიშნება ან ირჩევა, თუნდაც მცირე ვადით.

შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის დეპუტატად ყოფნა, თუნდაც 2 თვეზე ნაკლები დროით, არის თანამდებობაზე არჩევა და არა დროებითი ჩანაცვლება იმავე სისტემაში, და ის არ ექვემდებარება გათავისუფლებას დეკლარაციის შევსების ვალდებულებისგან.

მოვუწოდებთ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს რაჟდენ კუპრაშვილს, შეასრულოს მასზე კანონით დაკისრებული ვალდებულება და მოსთხოვოს ბიძინა ივანიშვილს ქონებრივი დეკლარაციის შევსება, მათ შორის სასამართლოს მეშვეობით ინფორმაციის მოთხოვნის გზითაც“, – აცხადებს TI.

მასალების გადაბეჭდვის წესი