ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსი მუსიკოსები და მეცნიერები ირანიდან ბაქოში არიან ევაკუირებული

16 ივნისი, 2025 •
რუსი მუსიკოსები და მეცნიერები ირანიდან ბაქოში არიან ევაკუირებული

რუსეთის 200-მდე მოქალაქე — მათ შორის კონფერენციაში მონაწილე მეცნიერთა ჯგუფი, ჩაიკოვსკის სახელობის სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსები და ირანში ნავთობინდუსტრიაში დასაქმებულები თავიანთი ოჯახებით – ირანიდან აზერბაიჯანში არიან ევაკუირებული.

როგორც კავკაზსკი უზელი წერს, ევაკუაცია აზერბაიჯანის “ასტარას” სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან განხორციელდა, რასაც რამდენიმე ქვეყნის თხოვნის საფუძველზე ორგანიზება გაუწიეს აზერბაიჯანის და რუსეთის ხელისუფლებებმა.

რუსეთის კულტურის მინისტრის, ოლგა ლუბიმოვას ინფორმაციით, ჩაიკოვსკის ორკესტრის მუსიკოსები უსაფრთხოდ ჩავიდნენ აზერბაიჯანში. მისივე თქმით, მხარდაჭერის ნიშნად, 16 ივნისს ბაქოში, აზერბაიჯანის სახელმწიფო ფილარმონიაში, ორკესტრი კონცერტს გამართავს. „ყველანი ცოცხლები და ჯანმრთელები არიან“.

ასევე, აზერბაიჯანში გადაყვანილნი არიან რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ირანში ნავთობის მოპოვებით სექტორში მუშაობდნენ. ევაკუირებულთა რაოდენობა, ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრის ელინა სიდორენკოს ცნობით, დაახლოებით 200-ს შეადგენს. მისი თქმით, საზღვრის გახსნის მოლოდინში ადამიანებს ოთხსაათიანი ლოდინი მოუწიათ, რის შემდეგაც მათ ფეხით გადაკვეთეს საზღვარი, აზერბაიჯანის მხარეს კი დახვდათ კომფორტული ავტობუსები.

მასალების გადაბეჭდვის წესი