რუსული სააგენტო ТАСС წერს, რომ რუსეთის უშიშროებისა [ФСБ]  და აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის საინჟინრო სამსახურის თანამშრომელი, რომელიც უკრაინის სამხედრო დაზვერვასთან თანამშრომლობდა.

ФСБ-ის ინფორმაციით, უკრაინის სპეცსამსახურის დავალებით აეროპორტის თანამშრომელს სურდა “მტრისთვის აეროპორტისა და მის მიმდებარედ მდებარე დახურული სადგომის გეგმის გადაცემა, რომელიც ოფიციალური საერთაშორისო დელეგაციების მისაღებად გამოიყენებოდა. აღნიშნული გეგმა შეიძლებოდა გამოყენებულიყო ტერაქტის განსახორციელებლად, ბომბის დამონტაჟებით”.

სააგენტოს ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო განყოფილებამ მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრა “აფხაზეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 274-ე მუხლით (ჯაშუშობა)”.

„დადგენილია, რომ იგი საიდუმლოდ თანამშრომლობდა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელთან და მისი მითითებით გადასცემდა ინფორმაციას სოხუმის საერთაშორისო აეროპორტში შესრულებული სამუშაოების შესახებ, სადაც საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის სპეციალისტად მუშაობდა“.

ამასთან, რუსული სააგენტო წერს, რომ „დაკითხვისას მან აღიარა, რომ თანამშრომლობდა უკრაინის მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან, მიაწოდა ინფორმაცია შესრულებულ დავალებებზე და იმ მიზნებზე, რაც მას დაავალეს — კერძოდ, რუსეთის ფედერაციის ოფიციალური პირების ვიზიტების შესახებ მონაცემების შეგროვება რესპუბლიკაში“.