„ქართული ოცნების“ დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე, „ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის” წევრ ლიკა ლორთქიფანიძეს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე დავით თეთრაულმა მიიღო.

„რეჟიმი, რომლის სასამართლოც 19-20 წლის სტუდენტ გოგოებს „ძირს რუსეთის დამპალი იმპერიის“ შეძახილის გამო აკავებს, უნდა გადადგეს და მოსცილდეს საქართველოს სამუდამოდ. ვერ შეგვაშინებთ, ვერ გაგვაჩერებთ. ბრძოლა გრძელდება! ძირს რუსეთის დამპალი იმპერია! ძირს რუსი მონები!“ — წერს ლიკა ლორთქიფანიძე.

ლიკა ლორთქიფანიძესთან ერთად, მარიამ ლაშხმა კიდევ ორ აქტივისტს — მაგდა მამუკაშვილსა და თათია აფრიამაშვილს უჩივლა. ამ უკანასკნელის სასამართლო პროცესი 23 მაისს გაიმართა, თუმცა მოსამართლეს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

მარიამ ლაშხი აქტივისტებს სასამართლოში 17 მაისს მომხდარი ინციდენტის გამო უჩივის. 17 მაისს თათია აფრიამაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც ის და კიდევ ორი აქტივისტი მარიამ ლაშხს მიმართავენ და ამბობენ – „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!“, „არა რუსულ რეჟიმს!“, „არა რუსეთის მონებს!“

შსს იმ აქტივისტების პატიმრობას ითხოვს, რომლებსაც მარიამ ლაშხმა უჩივლა