ნიკა გვარამიას ინფორმაციით დააკავეს ნიკა მელია.

“ნიკა დააკავეს მანქანაში, ლისის ტბის ასახვევთან. არც ერთი საფუძველი არ არსებობს: ფორმალურად არც გირაოს გადახდის ვადა გასულა და არც სასამართლოს არ გამოუტანია აღკვეთის შეცვლის გადაწყვეტილება!”, – წერს გვარამია.

ამ ეტაპზე უცნობია, რა საფუძვლით დააკავეს მელია. “ნეტგაზეთი” ცდილობს მეტი დეტალის გარკვევას.

განახლება: მელია დააკავეს პოლიციელის შეურაცხყოფის მუხლით – შსს

ნიკა მელია ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით, რაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს. პროკურატურა მას ქართული ოცნების” ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილი, “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი ლიდერების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობას ედავება.

მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, რომლის გადახდის ვადა, მისი ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის ინფორმაციით, დღეს, 00:00 საათზე იწურება. მელიას გაცხადებული პოზიციაა, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დანიშნული იყო სხდომა, რომელიც პროკურორების გამოუცხადებლობის საფუძვლით გადაიდო. გიორგი კონდახიშვილი ფიქრობს, რომ პროკურორებმა სპეციალურად გადადეს სხდომა, რადგან ბრალდებულისთვის შეფარდებული გირაოს გადახდის ვადა იწურება დღეს, ღამის 12:00 საათამდე. შესაბამისად, სხდომის მიმდინარეობისას პროკურორებს არ ექნებოდათ შესაძლებლობა ეთქვათ, რომ მელიამ გირაო არ გადაიხადა და ამიტომ, მისი პატიმრობაა საჭირო.

მოსამართლე ირაკლი შვანგურაძემ სხდომა ხვალ, 30 მაისს, 14:00 საათზე დანიშნა.