“საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სწორად დაგმო რუსული დროშის შეურაცხყოფა ქართველი მომღერლის მხრიდან, რადგან ეს ქმედება წარმოადგენს ბანალურ უზრდელობას”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა სახელმწიფო დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა. ინფორმაციას რუსული სააგენტო “ტასი” ავრცელებს.
„მომღერალ ერეკლე გეწაძის სცენაზე მოქმედება დროშასთან დაკავშირებით არ ჰგავს სიმამაცეს — ეს არის ბანალური უზრდელობა, შეფუთული კაშკაშა ეპატაჟურობით. ირაკლი კობახიძე სწორად მოიქცა, რომ დაგმო ეს ინციდენტი“, — განაცხადა გავრილოვმა.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ რუსეთსა და საქართველოს აერთიანებთ ” საუკუნოვანი“ საერთო ისტორია, ნათესავები, ენა და ტრადიციები და მომღერლის საქციელს „არავითარი კავშირი არ აქვს ჭეშმარიტ ქართულ ღირებულებებთან.“
„ეს არ არის ქართული კულტურა. ქართული ფასეულობები არის სუფრა, სადაც ადგილი აქვს როგორც ძველ მეგობარს, ისე იმას, ვისთანაც ოდესღაც კონფლიქტი გქონდა. ეს არის სადღეგრძელო, სადაც ჯერ უსმენენ და მერე ლაპარაკობენ. ეს არის პატივისცემა, რომელსაც ვერავითარი შოუ ვერ შეცვლის”.
გავრილოვმა ასევე თქვა, რომ მსგავსი „უნიჭო თვითპიარი“ უნდა განვასხვავოთ რეალური პოლიტიკური უთანხმოებისგან.
იქამდე რუსულ დროშასთან დაკავშირებულ ამბავს გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა და განაცხადა, რომ “რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები შესაბამის შეფასებას მისცემენ ამ სიტუაციას”. მოგვიანებით რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრ ბასტრიკინმა შესაბამის უწყებებს დაავალა რუსეთის დროშის შეურაცხყოფის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა.
