გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე ბრიტანულმა გამოცემა „გარდიანმა“ მასთან ჩაწერილი ინტერვიუ გამოაქვეყნა.
ჟურნალისტს, რომელმაც ძებნილ ბაჩიაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა, არ დაუსახელებია ადგილი, სადაც ბაჩიაშვილს შეხვდა.
ინტერვიუში ბაჩიაშვილი ბიძინა ივანიშვილთან მის ურთიერთობასა და გაქცევის დეტალების შესახებ საუბრობს.
ბაჩიაშვილის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომლისგან შეტყობინება მიიღო, რომ ივანიშვილი ციხეში „განადგურებას“ უპირებდა.
„სახელმწიფო უსაფრთხოების ერთ-ერთი თანამშრომლისგან შეტყობინება მივიღე, რომ ივანიშვილმა თქვა: „მე მას ციხეში გავანადგურებ და ვაიძულებ ის გააკეთოს, რაც მე მინდა“, – განაცხადა ბაჩიაშვილმა.
როგორც ბაჩიაშვილი ამბობს, საქართველოდან მისი გაქცევა კარგად იყო დაგეგმილი. თვეების განმავლობაში ბაჩიაშვილი რეგულარულად სტუმრობდა კახეთის სასაზღვრო რეგიონს, რათა უსაფრთხოების სამსახურები დაერწმუნებინა, რომ ეს რუტინული ქცევა იყო.
2 მარტის საღამოს მძღოლსა და დაცვას უთხრა, რომ კახეთში წასვლა სურდა, მაგრამ შუა გზაზე უნდა დაეტოვებინათ, რათა ჟურნალისტთან მარტო და ფარულად შეხვედრა შესძლებოდა.
„მანქანიდან გადმოვხტი, რათა მეთვალყურეობა ცოტა შორს ყოფილიყო, კუთხის უკან, შენობა გავიარე, სადაც მანქანა მელოდებოდა“, – თქვა ბაჩიაშვილმა.
ტელეფონი მანქანის უკანა მხარეს, ჩანთაში დატოვა, რათა მასზე მოთვალთვალეებისთვის კვალი აერია.
გიორგი ბაჩიაშვილს საქართველოს და რუსეთის მოქალაქეობა აქვს, თუმცა საქართველოდან გაქცევამდე ქართული და რუსული პასპორტები ჩამოართვეს. როგორც „გარდიანთან“ ამბობს, რუსული პასპორტი ვადაგასული იყო და გაქცევამდე რამდენიმე კვირით ადრე რუსული პასპორტი საიდუმლოდ განაახლა.
სწორედ ეს განახლებული რუსული პასპორტი გამოიყენა სომხეთის საზღვარზე გადასასვლელად, შემდეგ კი, სომხეთის აეროპორტში, საიდანაც კატარში გაფრინდა.
როგორც „გარდიანი“ წერს, გაქცევამდე ბაჩიაშვილმა მშობლებს, დას და ოჯახს ურჩია, რომ იმ დროს ქვეყნიდან წასულიყვნენ დასასვენებლად და ამიტომ უსაფრთხოდ იყვნენ.
„ეს [გაქცევა] ადვილი არ არის, რადგან ფაქტობრივად ყველაფერს უკან ტოვებ. არ იცი, წარმატებას მიაღწევ თუ არა. [მაგრამ] ვიცოდი, რომ ციხეში მოვკვდებოდი“, – ამბობს ბაჩიაშვილი.
როგორც „გარდიანი“ წერს, საქართველოდან გაქცევის შემდეგ, ძებნილი ბაჩიაშვილი სხვადასხვა მთავრობას ესაუბრებოდა თავისი მომავლის შესახებ და სწორედ ამ დისკუსიების დროს უთხრეს სიკვდილით მუქარის შესახებ.
მისი თქმით, ორი ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებმა აცნობეს, რომ მისი მკვლელობის აქტიური გეგმა არსებობს, რომელიც სავარაუდოდ, ჩრდილოკავკასიური ჯგუფის მიერ უნდა განხორციელდეს.
„მითხრეს, რომ ისინი რისკს კი არ ხედავენ, არამედ იციან, რომ ეს რეალურადაა შეკვეთილი“, – განაცხადა ბაჩიაშვილმა.
„გარდიანთან“ ინტერვიუში ბაჩიაშვილი ამბობს, რომ არ სჯერა, რომ მისი მოკვლის ბრძანების უკან ბიძინა ივანიშვილი დგას.
„ვშიშობ, რომ ეს [ჩემი მოკვლის ბრძანება] შეიძლება მოდიოდეს საიდუმლო სამსახურებისგან ან რომელიმე ქვეყნის გარკვეული ძალებისგან, რომლებსაც სურთ, ივანიშვილის უფრო დასუსტდეს. თუ მას მკვლელობაში დაადანაშაულებენ, მაშინ გაცილებით ნაკლები შანსია, რომ შეერთებულ შტატებთან ნორმალური დიალოგის წარმოებას შეძლებს“, – განაცხადა ბაჩიაშვილმა.
ბაჩიაშვილმა ივანიშვილის მიდრეკილებების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ივანიშვილი „შეპყრობილი იყო თავისი მოკვდავობით“.
„ის ყველა ამ ექსპერიმენტულ, გიჟურ პროცედურას ატარებს, როგორიცაა ღეროვანი უჯრედების გადანერგვა და ყველა ეს გიჟური ვუდუს ხრიკი [სხვადასხვა რიტუალი]. ვუდუს ოსტატი, იულია კრუშანოვა, მასთან ცხოვრობს“, – ამბობს ბაჩიაშვილი.
მისი თქმით, ივანიშვილი ხეებს სიცოცხლის ენერგიის წყაროდ მიიჩნევს.
„მას რაღაც უნდა ჰქონდეს, რომ შეიყვაროს – ასეთია მისი მსოფლმხედველობა“, – ამბობს ბაჩიაშვილი ივანიშვილზე.
ბაჩიაშვილის თქმით, ივანიშვილისთვის ძალაუფლებას ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს.
„ის სიცოცხლისთვის იბრძვის. მანქანას ჰგავს, რომელიც მხოლოდ საკუთარი რეპტილიური სურვილების დასაკმაყოფილებლად მუშაობს. და ეს სურვილი სიცოცხლის შენარჩუნებაა“, – აცხადებს ბაჩიაშვილი.
ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ბიზნესმენმა გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო თითქმის სამი თვის წინ, მარტის დასაწყისში დატოვა.
იმ პერიოდში ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ორი სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული. ორივე შემთხვევაში მას “ქართული ოცნების” დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი უჩიოდა. ორივე საქმეზე ბაჩიაშვილი გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული.
ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ პროკურატურამ კიდევ ერთი ბრალი წარუდგინა, ამჯერად – საზღვრის უკანონო კვეთის შესახებ. პატიმრობა შეუფარდეს იმ ადამიანსაც, ვინც მას საქართველო-სომხეთის საზღვრის გადაკვეთაში დაეხმარა.
ძებნილობის პერიოდში გადაწყვეტილება გამოცხადდა ბაჩიაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე ერთ-ერთ საქმეზე – მას 11 წლით პატიმრობა განესაზღვრა. ამის შემდეგ, იმავე, ე.წ. ბიტკოინების საქმის ირგვლივ ივანიშვილმა მის წინააღმდეგ სამოქალაქო დავა დაიწყო. ეს საქმე საქალაქო სასამართლომ დაჩქარებული წესით განიხილა და ბაჩიაშვილს ივანიშვილისთვის 9 000 ბიტკოინის ღირებულების თანხის გადახდა დააკისრა. გადაწყვეტილების მიღებისას ეს თანხა დაახლოებით 850 მილიონ დოლარს შეადგენდა.
ბაჩიაშვილის ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ როგორც მან, ისე მისმა ადვოკატმა არაერთხელ გაავრცელეს ინფორმაცია მისი შესაძლო მკვლელობის შესახებ.
ამავე თემაზე:
