ახალი ამბები

ზელენსკი: “თითოეული დაბომბვის შედეგად, მსოფლიო რწმუნდება, რომ ომის გაგრძელების მიზეზი მოსკოვია”

24 მაისი, 2025 •
ზელენსკი: “თითოეული დაბომბვის შედეგად, მსოფლიო რწმუნდება, რომ ომის გაგრძელების მიზეზი მოსკოვია”

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ 23 მაისის ღამეს კიევზე მასშტაბურ თავდასხმას გამოეხმაურა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყველგან, სადაც დრონები აფეთქდა ან ნამსხვრევების დაცვივდა, სამაშველო და საგანგებო სამუშაოები მიმდინარეობს.

მან დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან მსგავსი თავდასხმები კარგად გამოხატავს მათ პოზიციას და აჩვენებს “ვის არ სურს ომის შეწყვეტა.

“კიევში მიმდინარეობს რუსული რაკეტებისა და დრონების ნამსხვრევების გაწმენდა. ყველა იმ ადგილზე, სადაც აფეთქებები მოხდა ან ნამსხვრევები ჩამოცვივდა მიმდინარეობს სამაშველო და საგანგებო სამსახურების სამუშაოები. ქალაქში ღამით არაერთი ხანძარი დაფიქსირდა. კვლავ დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, მანქანები, ბიზნესები. სამწუხაროდ, არიან დაშავებულები.

რთული ღამე იყო მთელი უკრაინისთვის: 250 საბრძოლო დრონი, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ირანული „შაჰედებია“, და 14 ბალისტიკური რაკეტა. დაზარალდნენ ოდესის, ვინიცის, სუმის, ხარკივის, დონეცკის, კიევის და დნიპროს რეგიონები. სამიზნე ყველგან სამოქალაქო პირები იყვნენ. არიან დაღუპულები. ვუსამძიმრებ ოჯახებსა და მეგობრებს”, – წერს ზელენსკი.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ რუსეთზე მეტი ზეწოლაა საჭირო, რათა სამშვიდობო მოლაპარაკებები რეალურად დაიწყოს, ამიტომ ის ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპისგან სანქციებს ელის.

“თითოეული ასეთი დაბომბვის შედეგად, მსოფლიო უფრო და უფრო რწმუნდება, რომ ომის გაგრძელების მიზეზი მოსკოვია. უკრაინამ არაერთხელ შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტა როგორც სრული, ასევე მხოლოდ საჰაერო. ეს ყველაფერი უგულებელყოფილია. საჭიროა რუსეთის მიმართ გაცილებით ძლიერი ზეწოლა, რათა მივიღოთ შედეგი და დაიწყოს რეალური მოლაპარაკებები. ველით სანქციებს შეერთებული შტატებისგან, ევროპისა და ყველა ჩვენი პარტნიორისგან. მხოლოდ დამატებითი სანქციები, რუსეთის ეკონომიკის საკვანძო სექტორების წინააღმდეგ, აიძულებს მოსკოვს, შეწყვიტოს ცეცხლი. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება და მხარს გვიჭერს”, – ამბობს ზელენსკი.

23-24 მაისის ღამეს რუსეთმა კიევის მიმართულებით ათობით დრონი და ბალისტიკური რაკეტა ისროლა, რაც სამწლიანი ომის განმავლობაში უკრაინის დედაქალაქზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმა იყო.

დასავლური მედია უკრაინის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ თავდასხმის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა და 15 ადამიანი დაშავდა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აღნიშნა, რომ ეს უკრაინისთვის რთული ღამე იყო. მან დასავლეთს ახალი საერთაშორისო სანქციებისკენ მოუწოდა, რათა მოსკოვზე ზეწოლა გაძლიერდეს. მისივე თქმით, ამ ზეწოლის მიზანი ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი