ახალი ამბები

ტრამპი ევროკავშირისთვის 50%-იანი სავაჭრო ტარიფის დაწესებას აანონსებს

23 მაისი, 2025 •
ტრამპი ევროკავშირისთვის 50%-იანი სავაჭრო ტარიფის დაწესებას აანონსებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 1 ივნისიდან ევროკავშირისთვის 50%-იანი სავაჭრო ტარიფის დაწესებას აანონსებს.

როგორც POLITICO წერს, ტრამპმა ამასთან დაკავშირებით განცხადება აშშ-ევროკავშირის სავაჭრო მომლაპარაკებლებს შორის მნიშვნელოვან სატელეფონო საუბრამდე რამდენიმე საათით ადრე გაავრცელა.

„მათთან [ევროკავშირთან] ჩვენი მოლაპარაკებები არსად მიდის! ამიტომ, გირჩევთ, ევროკავშირისთვის 2025 წლის 1 ივნისიდან პირდაპირი 50%-იანი ტარიფი შემოიღოთ“, – დაწერა სოციალურ ქსელში ტრამპმა.

დღეს, 23 მაისს, ევროკავშირის სავაჭრო კომისარ მაროშ შეფკოვიჩსა და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელ ჯემისონ გრირს შორის დაგეგმილია სატელეფონო საუბარი. მოლაპარაკებების მიზანი ტრანსატლანტიკური სავაჭრო ომის თავიდან აცილებაა.

POLITICO-ს ცნობით, სატელეფონო საუბარი მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ბრიუსელმა აშშ-ის ადმინისტრაციას უპასუხა იმ დათმობების ახალი, შესწორებული სიით, რომლის შესათავაზებლადაც მზად იყო.

თუმცა Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელი ჯემისონ გრირი, სავარაუდოდ, უარყოფდა ევროკავშირის წინადადებებს და მოითხოვდა ცალმხრივ დათმობებს ტარიფების ორმხრივი შემცირების ნაცვლად.

ტრამპი უკმაყოფილებას გამოთქვამს ევროკავშირის მიერ მსხვილი ტექნოლოგიების რეგულაციებისა და წევრი სახელმწიფოების მიერ დაწესებული დამატებითი გადასახადების გამო, რომლებსაც ის არასატარიფო ბარიერებად მიიჩნევს, რომლებიც ამერიკული ბიზნესის დისკრიმინაციას ახდენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი