„ქართული ოცნების“ ყრილობაზე ონლიან მედიებს არ დაუშვებენ.

ამის შესახებ ნეტგაზეთს „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში განუცხადეს.

„შეზღუდული რაოდენობიდან გამომდინარე ღონისძიებას ონლაინ მედიის წარმომადგენლები ვერ დაესწრებიან“, – აცხადებენ პარტიაში.

„ქართული ოცნების“ ყრილობა, რომელზეც პარტიის ახალი თავმჯდომარე და პოლიტსაბჭოს წევრები უნდა აირჩიონ, ხვალ, 7 მაისს არის დაგეგმილი. თუმცა ჯერჯერობით უცნობია ყრილობის გამართვის დრო და ადგილი. პარტიაში აცხადებენ, რომ დეტალებთან დაკავშირებით ანონსს გაავრცელებენ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა „ქართული ოცნება“ ონლაინ მედიას შეზღუდვებს უწესებს. მაგალითად, „ქართული ოცნების“ წევრმა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ ონლაინ მედიის ჟურნალისტებს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის შესაძლებლობა არაერთხელ შეუზღუდა. მაშინ, როცა პარლამენტში მნიშვნელოვანი პროცესებია მოსალოდნელი, შალვა პაპუაშვილი დაუსაბუთებლად აცხადებს უსაფრთხოების ე.წ. ყვითელ დონეს, რითაც ჟურნალისტთა ნაწილს შენობაში შესვლას უზღუდავს.