ახალი ამბები

სტრასბურგის სასამართლომ სერბეთის მთავრობას აქციებზე ხმოვანი იარაღის გამოყენება აუკრძალა

1 მაისი, 2025 •
სტრასბურგის სასამართლომ სერბეთის მთავრობას აქციებზე ხმოვანი იარაღის გამოყენება აუკრძალა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სერბეთის მთავრობას აქციებზე ხმოვანი იარაღის გამოყენება აუკრძალა.

სტრასბურგის სასამართლომ დროებითი ღონისძიება 29 აპრილს გამოსცა.

საქმე ეხება საპროტესტო დემონსტრაციების დროს სერბეთის ხელისუფლების მიერ ხმოვანი იარაღის  გამოყენებას. ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები და ოპოზიციური პარტიები ამტკიცებენ, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ სერბეთის მთავრობამ გამოიყენა ხმოვანი ინსტრუმენტი, რომელმაც მყისიერად გამოიწვია ხანმოკლე პანიკა, ხოლო დემონსტრანტების ნაწილს სიმპტომები აქციის მერეც გაუგრძელდა.

სერბეთის ხელისუფლება და პოლიცია ბრალდებებს უარყოფს და ტყუილს უწოდებს.

მარტში ასეულობით ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი ონლაინ პეტიციას, რომლითაც მოითხოვეს, ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიება, გამოიყენა თუ არა სერბეთის მთავრობამ ხმოვანი იარაღი. პეტიციის ადრესატები გაეროს წარმომადგენლობა და ევროპის საბჭო იყო.

განმცხადებლები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან მოითხოვდნენ, რომ გამოეცა დროებითი ღონისძიება, რომლის მიხედვითაც სერბეთის ხელისუფლება აღკვეთდა ხმოვანი იარაღის გამოყენებას მსგავს ვითარებაში.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ თავიდან უნდა აიცილოს მომავალში საპროტესტო აქციებზე ხმის გამაძლიერებელი იარაღის ან მსგავსი მოწყობილობების გამოყენება.

სასამართლომ მთავრობას დაავალა, მომავალში თავიდან იქნას აცილებული ხალხის მასის კონტროლისთვის ხმოვანი მოწყობილობების ნებისმიერი გამოყენება (გარდა კომუნიკაციის მიზნებისა). მან აღნიშნა, რომ ასეთი იარაღის გამოყენება ხალხის მასის კონტროლისთვის სერბეთში უკანონოა, კერძოდ კი, შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ადამიანთა ჯანმრთელობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი