ახალი ამბები

რეორგანიზაცია ბოჭორიშვილმაც დაიწყო საგარეო უწყებაში

1 მაისი, 2025 •
რეორგანიზაცია ბოჭორიშვილმაც დაიწყო საგარეო უწყებაში

ნეტგაზეთის ინფორმაციით, რეორგანიზაცია „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტროშიც დაიწყო.

აღნიშნულ ინფორმაციას ნეტგაზეთს რამდენი წყარო უდასტურებს. თუმცა მეორე დღეა პასუხს ვერ ვიღებთ თავად უწყებისგან. სამინისტროს პრესსამსახურში ნეტგაზეთის ზარებსა და შეტყობინებებს არ პასუხობენ. მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ევროინტეგრაციის გენერალურ დირექტორატს აუქმებს.

„ევროპული დირექტორატის გაუქმებასთან ერთად, „ქართული ოცნება“, მისი თვითგამოცხადებული მინისტრის ხელით, პოლიტიკურ წმენდას იწყებს სამინისტროში! სამინისტროდან ათავისუფლებენ 250 ადამიანს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, იგეგმება შემდგომი წმენდა და სამინისტროს თანამშრომლების 30-40%-ით შემცირება. საგარეო საქმეთა სამინისტროში 12 წლის განმავლობაში პირველად ტარდება ამ მასშტაბის რეორგანიზაცია. ე. წ. მინისტრის მიერ წამოწყებული რეორგანიზაცია, სინამდვილეში პოლიტიკური რეპრესიებია.

სამინისტროდან ათავისუფლებენ ასობით თანამშრომელს, ვინც ხელი მოაწერა პეტიციას, რომელშიც ამ კეთილსინდისიერმა ადამიანებმა დაიცვეს საკუთარი სამშობლო, ეროვნული ინტერესი, ეროვნული უსაფრთხოება და საქართველოს ხალხის მიერ ისტორიულად დეკლარირებული საგარეო კურსი – სწორედ ხელმოწერის პასუხად, ბოროტმოქმედი რეჟიმის ვასალმა, ბოჭორიშვილმა, გამოაცხადა ბართლომეს ღამე“, – აცხადებს გრიგოლ გეგელია.

განახლება:

„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყებაში ევროპისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტები გაერთიანდება.

თუმცა, უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში არაფერია ნათქვამი რეორგანიზაციაზე.

„გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამინისტროში უქმდება ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი არ შეესაბამება სიმართლეს.

რეფორმის შედეგად, შეიქმნება ევროპის საქმეთა პოლიტიკური დირექტორატი, იგი გააერთიანებს ევროპისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტებს. თავის მხრივ ევროინტეგრაციის დეპარტამენტში შეიქმნება 4 სამმართველო, რომელიც მოემსახურება ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგს. დირექტორატის შექმნა დამატებით შეუწყობს ხელს ხსენებული ამოცანების შესასრულებლად ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობების ეფექტიან კოორდინაციას“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.


2024 წლის დეკემბრის ბოლოდან დღემდე არაერთი საჯარო უწყებიდან ასობით საჯარო მოხელე მოულოდნელად გაათავისუფლეს. ისინი ამ პროცესს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებენ. კერძოდ, „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას უკავშირდება, არაერთი საჯარო მოსამსახურე გაემიჯნა ხელისუფლების პოზიციას, ბევრმა საჯარო მოსამსახურემ, როგორც ინდივიდუალურად, ისე კოლექტიურად, გაავრცელა საჯარო განცხადება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის ერთგულებასთან დაკავშირებით.

საჯარო სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას აიოლებს 2024 წლის ბოლოს, “ქართული ოცნების” მიერ დაჩქარებული წესით, 2 დღეში დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციის დღესვე, 29 დეკემბერს, 27 სხვა კანონპროექტთან ერთად მოაწერა ხელი.

კანონში შესული ცვლილებებით საჯარო სექტორში რეორგანიზაციის საკითხები გამარტივდა. მიღებული ცვლილებებით შესაძლებელი გახდა, რომ რეორგანიზაციით დასაქმებულები სამსახურიდან ავტომატურად გათავისუფლდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი