დღეს დილიდან პროკურატურამ ჩხრეკა ჩაატარა ექვს სხვადასხვა მისამართზე, სადაც ფონდების წარმომადგენლები და აქტივისტები ცხოვრობენ. აქამდე არსებული პრაქტიკით, პოლიციელები მოქალაქეთა საცხოვრებელ სახლებში გამთენიისას მივიდნენ და შესვლა მოტყუებით სცადეს.
პოლიციელები მათ ატყუებდნენ, რომ არ ჰქონდათ გადაღების უფლება და წაართვეს მობილური ტელეფონები. გარდა ამისა, ისინი არ დაელოდნენ ადვოკატების მისვლას და ჩხრეკა მათ გარეშე დაიწყეს. ნანუკა ჟორჟოლიანის შვილის, მარიამ გეგუჩაძის სახლში ამ დრომდე არ უშვებენ ადვოკატს. იქ და უშალოდ ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში ჩხრეკა ამ დრომდე მიმდინარეობს [14:00 საათი].
პროკურატურის ინფორმაციით, “საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში” ჩხრეკა ჩატარდა ხუთი ფონდის წარმომადგენლის საცხოვრებელ სახლში:
- “ნანუკას ფონდი” – ნანუკა ჟორჟოლიანისა და მისი შვილის, მარიამ გეგუჩაძის სახლებში;
- “ფროსფერითი 24/7” – ლაშა არველაძის სახლში;
- “ფონდი ერთმანეთისთვის” – გუგა ხელაიას სახლში;
- “სირცხვილია” – მარიამ ბაჯელიძის სახლში;
- “თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი” – ალეკო ცქიტიშვილის სახლში.
ეს უკანასკნელი ამბობს, რომ სამსახურისკენ მიმავალ გზაზე, ავტობუსიდან ჩამოიყვანეს და პირადად გაჩხრიკეს. მხოლოდ ამის შემდეგ აჩვენეს მეორე განჩინება, რაც მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკას გულისხმობდა. ცქიტიშვილი ამბობს, რომ წაიღეს მისი პირადი მობილური ტელეფონი და სამსახურებრივი კომპიუტერი.
“ჩამომიყვანეს ავტობუსიდან, სამსახურში მივდიოდი და ქუჩაში გამჩხრიკეს. ადგილზე პირადი ჩხრეკისას ამოიღეს მობილური ტელეფონი. ამ ჩხრეკის დასრულების შემდე გამაცნეს მეორე დადგენილება, რომელიც ეხებოდა სახლის ჩხრეკას. ამოვიდნენ სახლში, გაჩხრიკეს სახლი, წაიღეს ჩემი სამსახურებრივი ლეპტოპი. ასევე, რამდენიმე ჩანაწერი”, – თქვა ცქიტიშვილმა ჩხრეკის დასრულების შემდეგ.
ის ამბობს, რომ გაჩხრიკეს როგორც ადამიანის უფლებათა სახლის გამგეობის წევრი. თუმცა მოლოდინი აქვს, რომ “რეპრესიები გაგრძელდება” კოალიციაში შემავალი სხვა ორგანიზაციების მიმართაც.
ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციებია: წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT); მედიის ინსტიტუტი; უფლებები საქართველო; კავშირი “საფარი”; ადამიანის უფლებათა ცენტრი, რომლის ხელმძღვანელია ალეკო ცქიტიშვილი.
“გვაქვს მოლოდინი, რომ რეპრესიები გაგრძელდება. საქმიანობას ვაგრძელებთ. არავის არ ეშინია ივანიშვილის რუსული რეჟიმის და მისი დაქირავებული მსახურების, რომლებიც დღეს იყვნენ ჩემთან “სტუმრად”. შესაბამისად, ეს ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ გაგრძელდება”, – ამბობს უფლებადამცველი.
მარიამ ბაჯელიძე „სირცხვილიას“ ყოფილი თავმჯდომარეა. როგორც ამბობს, უკვე რამდენიმე თვეა, რაც ორგანიზაცია აღარ ფუნქციონირებს და, შესაბამისად, არც მას უკავია რაიმე თანამდებობა. ბაჯელიძე ორსულადაა და 7 წლის შვილთან ერთად იმყოფებოდა როცა პოლიციელებმა სახლში შესვლა მოტყუებით სცადეს – უთხრეს, რომ მისი მეზობლები იყვნენ და კარი უნდა გაეღო. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბაჯელიძე მიხვდა მათ ვინაობას, პოლიციელებმა უთხრეს, რომ უფლება ჰქონდათ, ძალით შესულიყვნენ, ამიტომ სჯობდა, კარი ნებით გაეღო.
“იმის გამო, რომ 7 წლის შვილთან ერთად ვიმყოფებოდი სახლში, დამატებითი სტრესის თავიდან ასაცილებლად, შემოვუშვი. მათი მთავარი მიზანი იყო, რომ ჩემი მობილური ამოეღოთ. როცა ვიდეოს გადაღება დავიწყე და შემდეგ უკვე ლაივშ გავედი, ამან ძალიან გააღიზიანა და მითხრეს, რომ არ მქონდა გადაღების უფლება და უნდა ჩამოერთვათ ტელეფონი. არ ვაძლევდი ნებით, მაგრამ წამართვეს”, – ჰყვება ბაჯელიძე ჩხრეკის შემდგე.
ის ამბობს, რომ პოლიციელებს მხოლოდ მისი მობილური აინტერესებდათ და სახლი მხოლოდ ზედაპირულად გაჩხრიკეს. ჩხრეკის დროს უთხრეს, რომ ეძებდნენ ელექტრონულ მოწყობილობას, ან რაიმე უკანონო ნივთს ან ნივთიერებას.
არასრულწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა სახლში ნანუკა ჟორჟოლიანიც. როგორც ამბობს, ადვოკატის მისვლამდე მას გადაღების შესაძლებლობას არ აძლევდნენ. ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად, მის სახლში არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებიც. მის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული 6 კაცი, რომლებსაც პირბადეები უკეთიათ და დგანან კართან. არც ისინი და არც პროკურატურის წარმომადგენლები არ განმარტავენ, ვინ არიან და რას აკეთებენ ჟორჟოლიანის სახლში.
გარდა ამისა, ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, პოლიციაა შესული სახლში, სადაც ცხოვრობენ მისი ძმა და რძალი მცირეწლოვან ბავშვთან ერთად. ეს სახლი ჟორჟოლიანის შვილის, მარიამ გეგუჩაძის სახელზეა. სახლში არ უშვებენ არც თავად გეგუჩაძეს და არც ადვოკატს. შიგნით მყოფებს ტელეფონები წაართვეს და ჯერჯერობით უცნობია, რა პროცედურები მიმდინარეობს იქ.
“მე და ჩემი ძმა ვცხოვრობთ გვერდიგვერდ კორპუსებში. ბინა, რომელშიც ცხოვრობს ჩემი ძმა, რძალი და მცირეწლოვანი შვილი, არის გაფორმებული მარიამზე [მარიამ გეგუჩაძე, ნანუკა ჟორჟოლიანის შვილი]. შესაბამისად, დღეს, თურმე, როცა მთელი ყურადღება გადმოტანილი იყო ამ ამბავზე, ჩემთან ჩხრეკაზე, შესულან ჩემს ძმასთან და ჩემს რძალთან, გამოურთავთ მაშინვე ტელეფონები, ადვოკატს არ უშვებენ. მარიამთან ჩხრეკაზე რატომ შევიდნენ, მართლა არ ვიცი. მარიამი, რეალურად, ცხოვრობს ჩემთან ერთად, ჩემს ბინაში”, – ამბობს ჟორჟოლიანი.
ჩხრეკის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა “ფონდი ერთმანეთისთვის 24/7”-ის წარმომადგენელმა, გუგა ხელაიამაც.
“მეგობრებო, იყვნენ ჩემს ბინაშიც დილიდან. პროკურატურიდან ვართო და ოთხი ადამიანი შემოვიდა, ტელეფონი ხელში მეჭირა მაგ დროს და გამომართვეს, დალუქეს და წაიღეს. ბინის სრული ჩხრეკის შემდეგ, რომელსაც მეც ვესწრებოდი, ვერ აღმოაჩინეს ვერაფერი კანონსაწინააღმდეგო და წავიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ეს პროცესი ვერ არის სასიამოვნო ჩემთვის, მათი მხრიდან აგრესიას და ნეგატიურ დამოკიდებულებას ადგილი არ ჰქონია. კორპუსის დაცვისგან როგორც შევიტყვე, სადარბაზოში 30-მდე პოლიციელი იდგა. უდიდესი ალბათობით დაკითხვებზე დამიბარებენ და გაგრძელდება ეს პროცესი. შემდეგ რა იქნება, არ ვიცი და აქვე გაგიზიარებთ”, – წერს ხელაია სოციალურ ქსელში.
ჩხრეკის შესახებ ჯერჯერობით საჯაროდ არ უსაუბრიათ ფონდი “ფროსფერითის” წარმომადგენლებს.
აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა გამოძიების ფარგლებში, რომელიც დაიწყო “ქართულ ოცნებასთან” აფილირებული “ნეიტრალური საქართველოს” მიმართვის საფუძველზე. ამ ორგანიზაციის ლიდერი ვატო შაქარაშვილია.
ამავე თემაზე: