ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

უნდა მოვაწეროთ ხელი ხელშეკრულებას და დავასრულოთ ეს კონფლიქტი: მირზოიანი ბაირამოვს

14 აპრილი, 2025 •
უნდა მოვაწეროთ ხელი ხელშეკრულებას და დავასრულოთ ეს კონფლიქტი: მირზოიანი ბაირამოვს

სომხეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობები ახალი ფაზის დასაწყისთანაა ახლოს — ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართულ პანელურ დისკუსიაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები.

მირზოიანის თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს „ყველა წინაპირობა აქვთ“, რომ ხელი მოაწერონ მშვიდობის ხელშეკრულებას და გახსნან თანამშრომლობის ახალი ერა სამხრეთ კავკასიაში.

„ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს მოლაპარაკებების შედეგად და შევთანხმდით მშვიდობის ხელშეკრულების ტექსტის შინაარსზე. ახლა გვსურს, რაც შეიძლება მალე დავიწყოთ კონსულტაციები ხელშეკრულების ხელმოწერის ადგილისა და დროის განსაზღვრის მიზნით“, — განაცხადა მირზოიანმა.

მისივე თქმით, წარსულში დაბრუნება კონსტრუქციული არ არის, რადგან ეს ხელს შეუშლის შედეგზე ორიენტირებულ დიალოგს:

„თუ ისტორიულ საკითხებზე ვიფიქრებთ — ვინ ფლობდა ამა თუ იმ ტერიტორიას 100 წლის წინ, ან ვინ უფრო მეტი ადამიანი მოკლა — ჩვენ ჩავერთვებით ახალ კონფლიქტში. სომხეთის მთავრობის მიზანია ჩვენს რეგიონში დამყარდეს მტკიცე და საბოლოო მშვიდობა.“

მირზოიანმა აღნიშნა, რომ უკვე არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება ტექსტის ძირითად ნაწილზე, თუმცა ყველაფერი ერთდროულად ვერ გადაწყდება:

„არ არსებობს მსოფლიოში არც ერთი ხელშეკრულება, რომელიც ყველა კითხვას პასუხობს. ეს მხოლოდ ურთიერთობების დასაწყისია. სენსიტიური საკითხების გადასაჭრელად მხარეებმა უნდა გააგრძელონ დიალოგი.“

მინისტრის შეფასებით, მხარეებმა უნდა ჩამოაყალიბონ კომისია, რომელიც გაუმკლავდება დარჩენილ პრობლემურ საკითხებს:

„მნიშვნელოვანია, რას გადასცემენ მხარეები თავიანთ საზოგადოებებს. ვუბრუნდებით წარსულს თუ ვაშენებთ ერთიან და კეთილდღეობით სავსე მომავალს ჩვენი მოქალაქეებისთვის?“

პანელზე სიტყვით გამოსვლისას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა კვლავ წამოჭრა სომხეთის კონსტიტუციის ცვლილების საკითხი. პასუხად, მირზოიანმა აღნიშნა:

„დიახ, სომხეთის კონსტიტუციის პრეამბულაში მითითებულია დამოუკიდებლობის დეკლარაცია, თუმცა აზერბაიჯანის კონსტიტუციაშიც წერია, რომ ქვეყანა მიიჩნევს თავს თავისი წინამორბედი რესპუბლიკის სამართალმემკვიდრედ — რესპუბლიკის, რომელიც სუვერენიტეტს აცხადებდა ტერიტორიებზე, მათ შორის, დღევანდელი სომხეთის ნაწილზეც.“

მირზოიანმა ასევე მიუთითა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთდამოუკიდებლობის აღიარება უკვე დაფიქსირდა, რაც იმედის მომცემ საფუძველს ქმნის:

„დღეს უნიკალური ვითარებაა — სომხეთმა და აზერბაიჯანმა მიაღწიეს შეთანხმებას მშვიდობის ხელშეკრულების შინაარსზე, ურთიერთდამოუკიდებლობის აღიარებით, რაც დაფიქსირდა სსრკ-ის დაშლის შემდეგ.“

მინისტრის განცხადებით, მხარეებმა არ უნდა გააფუჭონ ისტორიული შანსი დამატებითი პრობლემების წამოწევით:

„დავეყრდნობით ამ რეალობას, თუ უგულებელვყოფთ ამ ისტორიულ შანსს და მოლაპარაკების მაგიდაზე ახალ პრობლემურ საკითხებს დავდებთ? ამ შემთხვევაში პროცესი არასოდეს დასრულდება.“

მირზოიანმა აგრეთვე უარყო აზერბაიჯანის ბრალდებები, რომ სომხეთის კონსტიტუციაში მითითებულია მთიანი ყარაბაღის კუთვნილება:

„სომხეთის კონსტიტუცია ღია, საჯარო დოკუმენტია. მასში არ არის არცერთი პუნქტი, რომელიც მიუთითებს, რომ მთიანი ყარაბაღი სომხეთის ნაწილია. თუ ხელშეკრულებაში წერია, რომ მხარეებმა უნდა აღიარონ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა, მაშინ ეს საკმარისია.“

საბოლოოდ, მირზოიანმა ხაზი გაუსვა ხელმოწერის გადაუდებელ საჭიროებას:

„ყველა დაბრკოლების გადასალახად ყველაზე მოკლე გზა არის ხელშეკრულების ხელმოწერა და რატიფიკაცია.“

მასალების გადაბეჭდვის წესი