11 აპრილს, ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში, თურქეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა სომხეთთან ნორმალიზაციის საკითხებში, სერდარ ქილიჩმა CivilNet-თან ექსკლუზიურ კომენტარში განაცხადა, რომ სომხეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დასამყარებლად პროცესები გრძელდება და მხარეები ცდილობენ „ნდობის გაღრმავებას“.
„ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ნორმალიზაციის პროცესი დავაჩქაროთ, რადგან ეს ორივე ქვეყნისა და მათი ხალხისთვის მომგებიანი იქნება“, — განაცხადა ქილიჩმა.
მან დადებითად შეაფასა ურთიერთობა სომეხ კოლეგა რუბენ რუბინიანთან და აღნიშნა, რომ ერთმანეთის კარგად ესმით.
ქილიჩის თქმით, დაწყებულია ტექნიკური კვლევა თურქეთსა და სომხეთს შორის გამყოფი ანის ხიდის აღდგენის შესახებ და რეალური სამუშაოებიც მალე დაიწყება.
რაც შეეხება 2022 წელს მიღებულ, თუმცა დღემდე აღუსრულებელ გადაწყვეტილებას — სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნის თაობაზე მესამე ქვეყნის მოქალაქეებისა და დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის — ქილიჩმა განაცხადა, რომ მხარეები მუშაობენ ტექნიკური დეტალების დახურვაზე, თუმცა კონკრეტული ვადები არ დაუსახელებია.
აზერბაიჯანის მოთხოვნაზე, რომ სომხეთმა შეცვალოს კონსტიტუცია კონფლიქტის საბოლოო შეთანხმებამდე, ქილიჩმა განმარტა: „ეს სომხეთის შიდა საკითხია და სწორედ სომეხმა ხალხმა და ინსტიტუტებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ და როდის განახორციელონ ეს ცვლილება.“