თბილისის მერიამ კიდე ერთი თანამშრომელი გაათავისუფლა, ამჯერად, მუზეუმების გაერთიანების გენერალური დირექტორი, ნინი სანადირაძე.
მისი თქმით, მუზეუმების გაერთიანებაში 9-წლიანი მუშაობის შემდეგ, სავალდებულო პროცედურის დარღვევით, ვადამდე ორი წლით ადრე გაათავისუფლეს.
„მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხულიდან ცხადი იყო განწყობებიცა და შემოთვლითი მოთხოვნები, დამეტოვებინა დირექტორის პოზიცია, ამ დრომდე მხოლოდ კულუარულად ვიცოდი მოსალოდნელის შესახებ, რაც სულ რამდენიმე წუთის წინ, ელექტრონული სისტემით მიღებული დოკუმენტებით დადასტურდა.
რადგან ყველა წესისა და სავალდებულო პროცედურის დარღვევით, ვადამდე ორი წლით ადრე გავთავისუფლდი დაკავებული თანამდებობიდან და არ მომეცა საშუალება, საჯარო ანგარიში ჩამებარებინა თითოეული მოქალაქისთვის – იმ ადამიანებისთვის, რომელთა გადასახადებით ბიუჯეტი ივსება და რომელთა შევსებული ბიუჯეტითა და დამფუძნებლის, იგივე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის ნებით, უფლებამოსილების ფარგლებში განვკარგავდით სახელმწიფო ბიუჯეტს – ვცდილობ, მოკლედ მაინც მოვყვე ზოგად შედეგებს…
დღეს, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს – როდესაც პირველად აღვნიშნავთ სახლ-მუზეუმების საერთაშორისო დღეს – ჩემი კოლეგები, გუნდის წევრები და თანამშრომლებიც ამ საჯარო წერილით გაიგებენ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებას.
იმედი მაქვს, რომ გუნდის თითოეული წევრი გააგრძელებს დაწყებულ სამუშაოებს და დარჩება ერთგული თბილისის მუზეუმების გაერთიანების მისიის. ამავე დროს, ვერ დავმალავ ჩემს განცდებს, მოლოდინებსა და საფრთხის შეგრძნებას, რომელიც უკავშირდება გამჭვირვალობის პროცესს, მემკვიდრეობის დაუცველობას და იმ გაურკვევლობას, რამაც შესაძლოა დააზიანოს გუნდურობა, წლობით შექმნილი ღირებულებები. მაშინ, როცა პასუხისმგებლობა არ იშლება, მაგრამ სტრუქტურა რყევას იწყებს – ყველა მცირე ქმედებას შესაძლოა დიდი ზიანი მოჰყვეს“, – წერს Facebook-ზე ნინი სანადირაძე.
2024 წლის დეკემბრის ბოლოდან დღემდე არაერთი საჯარო უწყებიდან ასობით საჯარო მოხელე მოულოდნელად გაათავისუფლეს. მათ შორის, ათობით თანამშრომელი გაათავისუფლეს თბილისის მერიიდან. ისინი ამ პროცესს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს უკავშირებენ.
კერძოდ, „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას უკავშირდება, არაერთი საჯარო მოსამსახურე გაემიჯნა ხელისუფლების პოზიციას, ბევრმა საჯარო მოსამსახურემ, როგორც ინდივიდუალურად, ისე კოლექტიურად, გაავრცელა საჯარო განცხადება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის ერთგულებასთან დაკავშირებით. საჯარო სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას აიოლებს “ქართული ოცნების” მიერ 2024 წლის ბოლოს, დაჩქარებული წესით, 2 დღეში დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციის დღესვე, 29 დეკემბერს, 27 სხვა კანონპროექტთან ერთად მოაწერა ხელი.