ახალი ამბები

სოფლის ნობათის პროდუქციაში ობის სოკო გამოვლინდა — სურსათის სააგენტო

3 აპრილი, 2025 •
სოფლის ნობათის პროდუქციაში ობის სოკო გამოვლინდა — სურსათის სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, „სოფლის ნობათის“ პროდუქციაში, მათ შორის საბავშვო რძის ნიმუშებში აფლატოქსინი გამოვლინდა.

აფლატოქსინი წარმოიქმნება ობის სოკოებისაგან. აფლატოქსინ B1-ით დაბინძურებული საკვები ხვდება ცხოველის ორგანიზმში, საიდანაც გადადის რძეში და გარდაიქმნება M1 აფლატოქსინად, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა „ვიმ-ბილ-დან საქართველოში“ (სოფლის ნობათი) სახელმწიფო კონტროლი 28 მარტს განახორციელეს.

„ინსპექტირების შედეგად საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა, თუმცა, დაფიქსირდა სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად. გარდა ამისა, შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველოს“ დაევალა აზერბაიჯანში წარმოებული რძის 5 ნიმუშის აღება (რომლიდანაც ერთი არის ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი) და აფლატოქსინ M1-ზე გამოკვლევა; ასევე არასწორად ეტიკეტირებული სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა. სააგენტოს ზედამხედველობით აღებული ნიმუშები გაიგზავნა აკრედიტებულ ლაბორატორიაში“, — ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

სააგენტოს თანახმად, ლაბორატორიული კვლევის შედეგად აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა ხუთ ნიმუშში:

  • სასმელი რძე საბავშვო, ულტრაპასტერიზებული, 2,5% ცხიმიანობით. დამზადების თარიღი: 04.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 03.08.2025
  • სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 1,5% ცხიმიანობით. დამზადების თარიღი: 12.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 11.08.2025
  • სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 1,5% ცხიმიანობით. დამზადების თარიღი: 10.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 09.08.2025
  • სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 2,5% ცხიმიანობით. დამზადების თარიღი: 09.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 08.08.2025
  • სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 3,2% ცხიმიანობით – დამზადების თარიღი: 02.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 01.08.2025

„ვიმ-ბილ-დან საქართველოს“ დაევალა დასახელებული სურსათის პარტიების სარეალიზაციო ქსელიდან ამოღება/გამოთხოვა. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ გამოიყენოს აღნიშნული რძე“, — აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

მასალების გადაბეჭდვის წესი