სახლი ჰაიდარ აბაშიძის #20-ში, ბათუმში, ვახტანგ გორგასალისა და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩების კვეთაში, ახალაშენებულ ათსართულიანი კორპუსის მე-10 სართულზე, ქალაქის მერი- რობერტ ჩხაიძე ცხოვრობს. “ბათუმელების” გამოძიებით დადგინდა, რომ კორპუსში, სადაც ამჟამად ქალაქის მერი ცხოვრობს, ბინა #39 მისი დის, ნანული ჩხაიძის სახელზეა რეგისტრირებული. ნანული ჩხაიძე საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ბინა 39-ს კი ფლობს, თუმცა კომუნალური გადასახადების ქვითრები იმავე მისამართზე, ოღონდ ბინა 36/ა-ზე მიდის. ამ მისამართზე არსებული საცხოვრებელი ფართობი კი საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის.
“რობეტ ჩხაიძე პირველ სადარბაზოში, მეათე სართულზე, ცხოვრობს“, – მიგვასწავლეს მეზობლებმა. ლომისგამოსახულებიან სახელურზე, იქ, სადაც მეზობლების თქმით, რობერტ ჩხაიძე მეუღლესთან ერთად ცხოვრობს, ნანული ჩხაიძის სახელზე გამოწერილი ბუნებრივი აირის გადასახადის ქვითრები დაგვხვდა. ბათუმის „ბუნებრივი აირის» წარმომადგენელი, კახა საფარიძე: „ჩვენ გამრიცხველიანებას საჯარო რეესტრის მიხედვით ვაწარმოებთ. ამიტომ ქვითარიც შესაბამისად რეგისტრირებულ მისამართზე მიდის. ჩხაიძეების შემთხვევაზე ვერაფერს გეტყვით, ყველა მრიცხველს თავისი კოდი აქვს და ამის მიხედვით იხდიან გადასახადს“.
ამ პასუხიდან ჩანს, რომ ბინა – 36/ა და ბინა _ 39 სხვადასხვაა. „ნანული ჩხაიძე – ასეთი აბონენტი მონაცემთა ბაზაში საერთოდ არ არსებობს. არც ეგ ბინებია (36/ა და 39) რეგისტრირებული. შეიძლება, მეზობლიდან გადმოიყვანა შუქი, რა ვიცი. ჩვენთან გადასახადს ვინც იხდის, ყველა ოფიციალურადაა გაფორმებული. ესე იგი, ეს აბონენტები გაფორმებული არ არიან“, – გვითხრეს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში. „ნანული ჩხაიძე არ ვიცი, მაგრამ რობერტ ჩხაიძე ნამდვილად აქ ცხოვრობს, მინდოდა კიდეც, რაღაც საქმეზე მისი შეწუხება, მაგრამ მომერიდა“, – ამბობს ციალა ჭყონია, რომელიც იმავე კორპუსში ცხოვრობს, სადაც ქალაქის მერი. „ადრეც ვხედავდით ხოლმე, მაგრამ ახლა ბინა გაარემონტეს. შვილიც შეეძინათ უკვე და სულ აქ არიან“, – ამას მერის კიდევ ერთი მეზობელი, ციცო ბაბუნაშვილი გვეუბნება.
ამ სახლში 1კვ/მეტრი გაურემონტებელი ფართობის კომერციული ღირებულება 700-800 დოლარია; თუმცა, როგორც მცხოვრებლები ამბობენ, თუკი მშენებელი ანგარიშს გაგიწევთ, ფართობის ყიდვა 400-500 დოლარადაც არის შესაძლებელი. „მე, მაგალითად, 700 დოლარი მიანგარიშეს კვადრატული, ჩხაიძემ რამდენად იყიდა, ვერ გეტყვით“, – ამბობს ციალა ჭყონია. შეიძინეს, თუ საჩუქრად მიიღეს ახალი ბინა ჩხაიძეებმა? – ამის გარკვევა „ბათუმელებმა“ რობერტ ჩხაიძის ქონებრივი დეკლარაციით სცადა.
ქალაქის მერის ქონებრივი დეკლარაცია
იმ დროისთვის, როცა ნანული ჩხაიძემ ჰაიდარ აბაშიძის 20-ში არსებული ბინა თავის სახელზე გადაიფორმა (2009 წლის 26 ოქტომბერი), ქალაქის მერის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მისი ფინანსური დანაზოგი 5 000 დოლარს არ აღემატებოდა. ნანული ჩხაიძე ამ დროს, როგორც დოკუმენტში წერია, ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში მდივან-რეფერენტის თანამდებობაზე მუშაობს და მისი ყოველთვიური ანაზღაურება 400 ლარია. დეკლარაციის მიხედვით, მას სხვა რაიმე დანაზოგი არ აქვს.
ბინის შეძენისთვის საჭირო ფინანსური დანაზოგი ამ პერიოდში არც რობერტ ჩხაიძეს უნდა ჰქონოდა. მას ნაღდი ფულის სახით მხოლოდ 7 000 დოლარი აქვს დეკლარაციაში დაფიქსირებული. თუკი რობერტ ჩხაიძისა და მისი ოჯახის ყველა წევრის (დედა, ორი და) ერთწლიან ფინანსურ დანაზოგს ერთად ავიღებთ, მთლიანობაში 22 ათას დოლარს მივიღებთ, რაც ბინის შესაძენად მაინც არ არის საკმარისი. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ბინა, სადაც რობერტ ჩხაიძე ცხოვრობს, 38.60 კვ/მ-ია, თუმცა ბინაში ფართო მისაღები და რამდენიმე ოთახია, რაც ერთოთახიანი ბინის შთაბეჭდილებას ნამდვილად არ ტოვებს, თანაც ე.წ. „კუთხის ბინაა“.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, ჰაიდარ აბაშიძის 20-ში, მე-10 სართულზე ხუთი საცხოვრებელი ბინაა რეგისტრირებული მოქალაქეებზე: ირაკლი ანანიძეზე – ბინა 38 (107.67 კვ/მ), ნანული ჩხაიძეზე – ბინა 39 (38.60 კვ/მ), გული ბერიძეზე – ბინა 40 (65.93 კვ/მ), ბესიკ გუგავაზე – ბინა 41 (41.39 კვ/მ) და მაია ჯიჯიხიაზე – ბინა 42 (61.84 კვ/მ). მიუხედავად ამისა, მე-10 სართულზე, ხუთის ნაცვლად, მხოლოდ ოთხი შესასვლელი კარია. მათგან ერთ-ერთით იმ ბინაში შედიხარ, სადაც ამჟამად ბათუმის მერის ოჯახი ცხოვრობს. ეკონომისტის გათვლებით, იმ შემოსავლებით, რაც ქალაქის მერს დეკლარაციაში აქვს მითითებული, მაქსიმუმ 15 ათას დოლარის დაზოგვაა შესაძლებელი. ესეც იმ შემთხვევაში, თუ საშუალო სტატისტიკურ მონაცემს ავიღებთ, რომლითაც ერთ სულზე მინიმალური საარსებო პირობების შექმნისთვის, სულ ცოტა 140 ლარია საჭირო. თუმცა ეს სტატისტიკაც რეალობას არ შეესაბამება, რადგან ადამიანი თვეში გაცილებით მეტს მოიხმარს.
რობერტ ჩხაიძეს და მის დას, ნანული ჩხაიძეს ბინის შეძენისათვის საკმარისი ფინანსური დანაზოგი არც 2008 წლის 18 აპრილის დეკლარაციაში აქვთ დაფიქსირებული. ქალაქის მერის და ამ პერიოდშიც უნივერსიტეტში მუშაობს და მისი თვიური ანაზღაურება 400 ლარია. რობერტ ჩხაიძეს კი დანაზოგის სახით მხოლოდ 4 000 დოლარი აქვს.
2010 წლის დეკლარაცია რობერტ ჩხაიძეს 6 მაისს აქვს შევსებული. ამ დეკლარაციაში ნანული ჩხაიძე მისი ოჯახის წევრად უკვე აღარ მიიჩნევა, რადგან მიმდინარე წელს ნანული ჩხაიძე გათხოვდა. ამ დროისთვის რობერტ ჩხაიძეს ნაღდი ფულის სახით 20 000 დოლარი აქვს ანგარიშზე, მის მეუღლეს, ანა მინაშვილს (დეკლარაციის მიხედვით იგი უმუშევარია) კი – 15 000 დოლარი. შემოსავლის წყარო დეკლარაციაში მითითებული არ არის. თუკი ბინ(ებ)ის რეალური მყიდველი ნანული ჩხაიძეა, მაშინ ჩნდება კითხვა, რატომ არ ასახავს ქალაქის მერი დეკლარაციაში ოჯახის რეალურ შემოსავლებს და მისი წარმოშობის წყაროებს. და თუ ასე არ არის, მაშინ როგორ შეძლო დოკუმენტში მითითებული დანაზოგით – 5 000 დოლარით ნანული ჩხაიძემ ბინის ყიდვა?
ეჭვი ჩნდება როგორც ბათუმის მერის, ისე მისი ოჯახის წევრების შემოსავლებზეც. მაგალითად, რობერტ ჩხაიძის პენსიონერი დედის, ეთერ ბერიძის წლიური დანაზოგი 6 ათასი დოლარია, მის დას, ლიანა ჩხაიძეს, რომელიც საჯარო მოხელეა და 700 ლარია მისი ხელფასი, 4 ათასი დოლარი აქვს დანაზოგი. რობერტ ჩხაიძეს ქონებრივ დეკლარაციაში არაფერი უწერია ოჯახის წევრების ფინანსური შემოსავლების წარმომავლობის შესახებ.
რამდენიმე დღის წინ ჩხაიძეების ბინასთან მისულებს, კარებთან ამჯერად ვიდეოთვალი დაგვხვდა დამონტაჟებული. ზარის დარეკვის შემდეგ კარი ქალაქის მერის მეუღლემ, ანა მინაშვილმა გაგვიღო. „რობერტი აქ ცხოვრობს, მაგრამ სახლში არ არის. თუ გინდათ, შემოდით“, – გვითხრა მერის მეუღლემ და ბინაში შეგვიძღვა. მან კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა და გვთხოვა, არც ფოტოები გადაგვეღო: „არა, არა, ეს კითხვები რობერტს დაუსვით, მე ვერაფერს გიპასუხებთ.“ ერთადერთი, რაც ქალაქის პირველი ლედისგან მოვისმინეთ, ის იყო, რომ ბინა მის მულს, ნანული ჩხაიძეს ეკუთვნის და ქალაქის მერი ამ სახლში დროებით ცხოვრობს.
ნანული ჩხაიძეს ტელეფონით დავუკავშირდით. მან ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემა ტელეფონით არ ისურვა, შეხვედრაზე კი მოუცლელობის გამო უარი განაცხადა: „ძალიან დაკავებული ვარ. როცა მოვიცლი, მე თვითონ შეგეხმიანებით“.
ქალაქის მერთან დაკავშირება მერიის პრესსამსახურის უფროსის, ირინა შერვაშიძის მეშვეობით ვცადეთ: „მე თვითონ ძლივს მოვახერხე მასთან ლაპარაკი, რადგან სტუმრები ჰყავდა და დაკავებული იყო. მითხრა, რომ დღეს ვერ მოახერხებს შეხვედრას.“