ახალი ამბები

მეორე დღეა თეუსუ-ში ლექციები არ ტარდება

4 ნოემბერი, 2010 • • 987
მეორე დღეა თეუსუ-ში ლექციები არ ტარდება

უკვე მეორე დღეა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტში (თეუსუ) ლექციები არ ტარდება. როგორც თეუსუს ერთ-ერთმა სტუდენტმა თამთა აბუსელიძემ ნეტგაზეთთან საუბრისას თქვა, ლექტორებიც და სტუდენტებიც უნივერსიტეტში მიდიან, თუმცა ლექციები არ ტარდება.

,,დღესაც ვიყავით უნივერსიტეტში, მაგრამ ლექციები არ ჩაგვიტარდა, არეულობაა, ვერც ვერავინ გვეუბნება, შედით და ლექციებს დაესწარითო. გარეთ ვდგავართ და ვლაპარაკობთ ერთი და იმავეზე, იხურება ჩვენი უნივესიტეტი, გადავყავართ სადმე, თუ რა ხდება, არ ვიცით’’.

უნივერსიტეტის სტუდენტი ამბობს, რომ არეულობის გამო, დღეს თეუსუს რექტორმა მათთან შეხვედრა მოაწყო.

შეხვედრაზე სტუდენტებს რექტორთან კითხვების დასმის საშუალება ჰქონდათ. აბუსელიძის თქმით, კონკრეტული პასუხები რექტორისგან სტუდენტებმა ვერ მიიღეს. მისი განამარტებით, ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ავთანდილ ჩუთლაშვილი სტუდენტებს შეპირდა, რომ ერთი სემესტრის განმავლობაში იმავე შენობაში, იმავე ლექტორებთან გააგრძელებენ სწავლას. სემესტრის გასვლის შემდეგ კი ივ.ჯავახიშვილის უნივერსიტეტში გადავლენ.

,,გარკვეული პასუხი ვერაფერზე ვერ მივიღეთ. გვითხრა, რომ შაშკინთან იყო და  შენობა ერთი სემესტრი შეგვინარჩუნდებაო. მხოლოდ  გამოცდები ჩაგიტარდებათ მაღლივშიო,- რამდენად იქნება ეს შესრულებული არ ვიცით, რექტორმა თქვა, რომ ის ამის პირობას გვაძლევს, დაგვპირდა და იმედი გვაქვს, რომ მისი პირობა შესრულდება. თუმცა, რეალურად, ეს მოხდება თუ არა, არავინ იცის’’,- ამბობს ჩვენთან საუბარში აბუსელიძე.

თეუსუს სტუდენტები გუშინაც შეიკრიბნენ უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, რადგან ადმინისტრაციისაგან შეკითხვებზე პასუხები მიეღოთ. სტუდენტები ფიქრობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით, მათი უფლებები ირღვევა.

თბილისის  ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის (თეუსუ) ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთან (თსუ) მიერთების შესახებ დადგენილების პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გუშინ მთავრობის სხდომაზე წარადგინა. მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთმა ჯერჯერობით ვერ მოიპოვა.

გარდა ამ უნივერსიტეტების მიერთებისა, დადგენილება შპს საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის უნივერსიტეტის ლიკვიდაციის წარმოების დაწყებასაც ითვალისწინებს.

ნეტგაზეთი საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის უნივერსიტეტის დირექციას დაუკავშირდა. დირექციის თანამშრომელმა გიორგიმ (გვარისა და თანამდებობის გამხელა არ ისურვა) ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, უნივერსიტეტი გაუქმდება. მისი თქმით, უმაღლესი სასწავლებელი სახელმწიფოს საკუთრებაა.

,,სახელმწიფომ ასე გადაწყვიტა, ეს დაწესებულება სახელმწიფოს 100%-იანი წილის შპს იყო”.

სადამდე გაგრძელდება სასწავლო პროცესი ამ უნივერსიტეტში, სად წავლენ სტუდენტები, რომლებიც აქ სწავლობენ, – დირექციაში ამის შესახებ ჯერ არაფერი არ იციან.

დირექციის თანამშრომლის გიორგის თქმით, უნივერსიტეტს ჯერ არ მოუწყვია ოფიციალური შეხვედრა სტუდენტებთან, მათი ინფორმირებისთვის. მისი განმარტებით, სტუდენტები გარეთ არ დარჩებიან.

,,ჯერჯერობით, ისინი ზოგადად არიან საქმის კურსში, ანუ თავიანთი წყაროებით. ერთი რამე ნამდვილად ცალსახაა, რომ ეს ბავშვები გარეთ არ დარჩებიან’’. 

მოგვიანებით, სტუდენტები ადმინისტრაციამ შეკრიბა. უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი თორნიკე ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ შეკრებაზე სტუდენტებს განუცხადეს, რომ სწავლას თსუ-ში გააგრძელებენ.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი