ახალგაზრდა ბიჭს, ლუკა კინწურაშვილს, რომელიც პოლიციამ თითქოს პრევენციის მიზნით გააჩერა, მობილურის დათვალიერება, კონკრეტულად კი ტელეგრამის ჩატზე წვდომა მოსთხოვეს. კინწურაშვილმა ადვოკატთან დაკავშირება გადაწყვიტა და დაურეკა სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტს, მარიამ პატარიძეს.
პატარიძემ მას განუმარტა, რომ პოლიციელებს ამის უფლება არ ჰქონდათ. ასევე, პოლიციელებს უთხრა, რომ დალოდებოდნენ მისი, როგორც კიწნურაშვილის ინტერესების დამცველს და თუ რაიმე საგამოძიებო მოქმედება ჰქონდათ დაგეგმილი, მისი თანდასწრებით ჩაეტარებინათ. ამის შემდეგ პოლიციელებმა კინწურაშვილს მობილური ძალით წაართვეს და დააპატიმრეს. ადვოკატი მას 6 საათის განმავლობაში ეძებდა.
“ნორმალურად არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. თუმცა, მობილური ტელეფონის წართმევის დროს აქვს მხარზე და მუხლზე დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. ადგილი ჰქონდა მის მიმართაც იძულებით გაშიშვლებას ორჯერ – პირველად პოლიციის განყოფილებაში, მეორედ – იზოლატორში.
შეაჩერეს, თითქოს, პრევენციის საფუძვლით. მოსთხოვეს ჩანთის გახსნა, რასაც დამორჩილდა თავისით. მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა ჩემთან კომუნიკაცია, რაც ტელეგრამზე ჩატში წვდომა მოითხოვა პოლიციამ. ამაზე უპასუხა, რომ ადვოკატს გაესაუბრებოდა. მე უთხარი [პოლიციელს], რომ ადგილზე მივიდოდი და ჩემი მონაწილეობით ჩაეტარებინათ საპოლიციო ღონისძიებები. ამის შემდეგ მობილური წაართვეს ლუკას და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში”, – გვითხრა მარიამ პატარიძემ.
როგორც იურისტი ამბობს, კინწურაშვილისთვის დეტალურად არ განუმარტავთ არც ჩანთის ჩხრეკის და არც მობილურის დათვალიერების საჭიროების საფუძველი. უთხრეს მხოლოდ ის, რომ მიმდებარე პერიმეტრზე მოხდა რაღაც და მიანიშნებდნენ, რომ სურდათ შემოწმება, რაიმე კომუნიკაცია ხომ არ ჰქონდა სავარაუდო დანაშაულთან.

მარიამ პატარიძე
კინწურაშვილს პოლიციელებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია ჩანთის ჩხრეკისას, მობილურის შემოწმებისას კი ადვოკატის დასწრება მოითხოვა. სწორედ ამის შემდეგ დააკავეს პოლიციელისადმი წინააღმდეგობის მუხლით.
ადვოკატის ინფორმაციით, მას სამართალდარღვევის ოქმი 173-ე მუხლის მე-3 ნაწილით შეუდგინეს, რაც გულისხმობს იმავე ქმედების ჩადენას სახდელდადებული პირისთვის. თუმცა პატარიძე ამბობს, რომ კინწურაშვილს იმავე მუხლით ადმინისტრაციული სახდელი არ ჰქონია.
ლუკა კინწურაშვილი “პრევენციის მიზნით” გააჩერეს, შემდეგ კი დააკავეს გასულ წელსაც. მის ინტერესებს მაშინაც სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავდა. როგორც მარიამ პატარიძემ განგვიმარტა, 2024 წლის ივლისში კინწურაშვილი გამართლდა პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლში, ხოლო მათთვის შეურაცხყოფის მიყენებისთვის სამართალდამრღვევად ცნეს, მაგრამ მოსამართლე მხოლოდ შენიშვნით შემოიფარგლა.
“სიტყვიერი შენიშვნა ნიშნავს, რომ ის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებულია”, – განმარტავს ადვოკატი და ამატებს, რომ მოსამართლემ შეურაცხყოფად ჩათვალა სიტყვა “თავხედის” გამოყენება პოლიციის მისამართით.
“პოლიციელმა მუცელზე მიჩქმიტა და თავხედი ხარ-მეთქი, რომ ვუთხარი, ეგ ეგონა შეურაცხყოფა, ალბათ, და მე რომ უშვერი სიტყვებით მამკობდნენ, ეგ არაფერი”, – წერდა კინწურაშვილი გასულ წელს, გათავისუფლების შემდეგ.
ის საუბრობდა პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე – შეურაცხყოფაზე, იძულებასა და ღირსების შემლახავ მოპყრობაზე.
“[პოლიციელი] მწვდა ხელში, გამომგლიჯა ტელეფონი. ჩატენეთ მანქანაშიო ამის… გადამიგრიხეს ხელები ისე, რომ ორი დღე მტკიოდა. რამდენიმე წუთში გააჩერა მანქანა, ვთხოვდი, რომ გადავეყვანე პოლიციის განყოფილებაში, რომ თავს არ ვგრძნობდი უსაფრთხოდ. მიყვიროდა და მლანძღავდა. შემდეგ გამიჩხრიკეს ჩანთა ასევე მანქანაში. ამ დროს ვითხოვდი, რომ ვინმე გამვლელისთვის მაინც ეთხოვათ, დასწრებოდა ჩხრეკას. ვერაფერი რომ ვერ ნახეს ჩანთაში, გადამიყვავნეს ბორკილებით პოლიციაში
[…] მომიტანეს საბუთი და არ მოვაწერე ხელი. ვითხოვდი ოჯახთან ან იურისტთან დაკავშირებას. განყოფილებაში მეკითხებოდნენ, რას ვფიქრობდი გადახრილებზე, 17 მაისზე, მთავაზობდნენ ცხვრის მოკვლას და სისხლის დალევას (ვეგანი ვარ), რას ვფიქრობდი აბორტზე […] მეუბნება, წაშალე ვიდეო და გაგიშვებთო, ან კაპეზეზე გადაგიყვანთო. აქამდე ადმინისტრაციული წესით დაკავებული არ ვყოფილვარ, ძაღლიც ცუდად მყავდა, 4 დღე გადასხმებს ვუკეთებდი და დიდხნიანი ყოყმანის შემდეგ დავთანხმდი ვიდეოების წაშლას იმ პირობით, რომ გამიშვებდენ და კაპეზეზე არ გადამიყვანდნენ. მომხსნეს ბორკილები, მომცეს ტელეფონი, წავშალე ვიდეო და დაადეთ ბორკილები, გადაიყვანეთ კაპეზეზეო”, – ასე ჰყვებოდა კინწურაშვილი პირველი დაკავების ამბავს.
როგორც ადვოკატი ამბობს, მას ადმინისტრაციული დაკავების ვადა 48 საათამდე გაუგრძელეს, რაც ხვალ, 2 აპრილს, საღამოს საათებში იწურება. ამის შემდეგ მას გაათავისუფლებენ და მოგვიანებით დაინიშნება სასამართლო, ან იზოლატორიდან პირდაპირ სასამართლოში გადაიყვანენ.
მომხდარის შესახებ ინფორმირებულია სახალხო დამცველის აპარატიც. თუმცა უწყების წარმომადგენელს კინწურაშვილი ჯერ არ მოუნახულებია.
ამავე თემაზე: