დღეს სომხეთის პარლამენტში (სადაც 107 ადგილია) მმართველი გუნდის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ევროკავშირში გაწევრიანების კანონპროექტის მეორე მოსმენას. თუმცა ოპოზიციური ფრაქცია „სომხეთი“ (29 დეპუტატით) კენჭისყრაში არ მონაწილეობდა, რითაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის მიმართ არსებულ უთანხმოებას.
სომხეთის პარლამენტის ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქცია „სომხეთი“ (Հայաստան), რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი უდგას სათავეში, არ დაესწრო კენჭისყრას, რომელიც ეხებოდა სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კანონპროექტს.
„მმართველი ძალის ავანტიურა გრძელდება. მეორე მოსმენით განსახილველად წარმოდგენილია ევროკავშირში გაწევრიანების კანონპროექტი. ჩვენი ფრაქციის პოზიცია ამ საკითხზე თავიდანვე ცალსახა იყო – არ ვაპირებთ კენჭისყრაში მონაწილეობას. ეს პოზიცია არათუ არ შეცვლილა, არამედ კიდევ უფრო გამყარდა“, – განაცხადა ფრაქციის „სომხეთი“მდივანმა, არწვიკ მინასიანმა კენჭისყრამდე.
მინასიანის თქმით, სომხეთისა და ევროკავშირის ურთიერთობები უნდა ვითარდებოდეს ბუნებრივად, ყოვლისმომცველი და გაღრმავებული პარტნიორობის შეთანხმების (CEPA) ფარგლებში. თუმცა, მისი თქმით, ამ მიმართულებით ხელისუფლება არანაირ აქტიურ ნაბიჯს არ დგამს, რაც ყველაზე ნათლად ჩანს სომხეთსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის გაჭიანურებაში.
„დღევანდელი გეოპოლიტიკური რეალობების ფონზე სომხეთის ასეთი მკვეთრი შემობრუნება სრულიად ახალ პოლიტიკურ სიბრტყეში გადადის, რომელიც სავსეა გამოწვევებითა და საფრთხეებით“, – განაცხადა მინასიანმა. მისი თქმით, სომხეთი ამ ეტაპზე ძალიან შორსაა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო კოპენჰაგენის კრიტერიუმებისგან და ამ მიზნისთვის განსაკუთრებული ძალისხმევა და შიდა რეფორმები იქნება საჭირო, მათ შორის CEPA-ს ფარგლებში.