ახალი ამბები

Axios: რესპუბლიკელი კომიტეტის თავმჯდომარეების გამაფრთხილებელი გასროლა ტრამპის მისამართით

20 მარტი, 2025 •
Axios: რესპუბლიკელი კომიტეტის თავმჯდომარეების გამაფრთხილებელი გასროლა ტრამპის მისამართით

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის და სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტების თავმჯდომარეები, რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ როჯერსი და რესპუბლიკელი სენატორი როჯერ ვიკერი ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან მედიაში გავრცელებულ ცნობას იმის შესახებ, რომ შესაძლოა, თეთრმა სახლმა მალე შეცვალოს მთელი საბრძოლო სარდლობის სტრუქტურა საზღვარგარეთ.

კერძოდ, მედიაში გავრცელებული ცნობით, შესაძლოა, აშშ-მა ევროპაში ნატოს მოკავშირეთა შეიარაღებული ძალების უმაღლესი სარდლის პოზიცია დატოვოს და გააუქმოს იაპონიაში აშშ-ის ძალების მოდერნიზაციის გეგმები.

როგორც კომიტეტების თავმჯდომარეების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ისინი შეშფოთებული არიან გავრცელებული ინფორმაციით და მათთვის მიუღებელია აშშ-ის საბრძოლო სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარება ძლიერი უწყებათაშორისი პროცესის გარეშე.

„ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ ცნობებით, რომ თავდაცვის დეპარტამენტი განიხილავს ცალმხრივ ცვლილებებს მთავარ სტრატეგიულ საკითხებზე, მათ შორის, საზღვარგარეთ განლაგებული აშშ-ის სამხედრო ძალების მნიშვნელოვანი შემცირებას, თეთრ სახლთან და კონგრესთან კოორდინაციის გარეშე.

ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას, რომ ჩვენმა მოკავშირეებმა და პარტნიორებმა გაზარდონ თავიანთი წვლილი ჩვენი ალიანსის სტრუქტურის გასაძლიერებლად და მხარს ვუჭერთ ამერიკის ლიდერობის შენარჩუნებას საზღვარგარეთ. ამიტომ, ჩვენ არ მივიღებთ მნიშვნელოვან ცვლილებებს ჩვენს საბრძოლო სტრუქტურაში, რომელიც განხორციელდება ძლიერი უწყებათაშორისი პროცესის, საბრძოლო მეთაურებთან და გაერთიანებულ შტაბთან კოორდინაციისა და კონგრესთან თანამშრომლობის გარეშე.

ასეთი ნაბიჯები საფრთხეს უქმნის შეკავების პოლიტიკას მთელ მსოფლიოში და ასუსტებს ჩვენი მოლაპარაკებების პოზიციებს ამერიკის მოწინააღმდეგეებთან“, – ნათქვამია მაიკ როჯერსის და როჯერ ვიკერის ერთობლივ განცხადებაში.

ამერიკული გამოცემა Axios  მაიკ როჯერსის და როჯერ ვიკერის ერთობლივ განცხადებას დონალდ ტრამპისადმი „გამაფრთხილებელი გასროლად“ აფასებს.

როგორც გამოცემა წერს, ეს განცხადება მნიშვნელოვანია იმით, რომ „ეს არის რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გაფრთხილება დღემდე ტრამპის გეგმებთან დაკავშირებით ხელისუფლების ნაწილების პოტენციური რეორგანიზაციის შესახებ“.

მასალების გადაბეჭდვის წესი