სახალხო დამცველის რწმუნებულებმა, მათ შორის სახალხო დამცველის აპარატში დასაქმებულმა ექიმმა, ბრალდებული გიორგი ჩიკვაიძე მოინახულეს და პენიტენციური სამსახურის სამედიცინო პერსონალს გაესაუბრნენ.
სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური ინფორმაციის დაცვის მიზნით, არ ასაჯაროებს.
„გიორგი ჩიკვაიძეს გამოცხადებული აქვს შიმშილობა. ამ დროისათვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება“, — აცხადებს ომბუდსმენი.
სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ გააგრძელებს გიორგი ჩიკვაიძის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობას.
ახლობლების ინფორმაციით, მოშიმშილე პატიმრის, გიორგი ჩიკვაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და საავადმყოფოში გადაყვანას საჭიროებს.
დედის, ეკა წერეთლის თქმით, გიორგი ჩიკვაიძეს ჰქონდა კრუნჩხვა, ფეხებში მგრძნობელობა დაკარგული აქვს და მონიტორინგში ჩართულია ნევროლოგი.
„გიორგის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, კანკალებს, ვეღარ გადაადგილდება. დღეს ადვოკატთან გამოიყვანეს ეტლით. 5 დღის წინ ჰქონდა ხანგრძლივი კრუნჩხვა, რა დროსაც ვარაუდობენ პენიტენციურის ექიმები, რომ ტვინში მოხდა დაზიანება და ამის შემდგომ ვეღარ გადაადგილდება. ასევე, პენიტენციური დაწესებულების ექიმებს აქვთ ეჭვი, რომ შესაძლოა, იყოს მენინგიტი ან ენცეფალიტი“, — აცხადებს გიორგი ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორი ირაკლი პაპიაშვილი.
ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე, რომელსაც ბრალად დიდი ოდენობის თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება ედება, 11 მარტს სასამართლოს სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. მეორე დღეს მან სრული შიმშილობა გამოაცხადა.