„ქართული ოცნების“ დეპუტატები უცხოეთიდან დაფინანსების აკრძალვას, მაუწყებლების (ტელევიზიები, რადიოები) შემდეგ, ონლაინ მედიაზე გავრცელებასაც განიხილავენ.
ეს საკითხი დღეს დასვა „ოცნების“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ. მან თქვა, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები ონლაინ მედიებს არ ეხება, თუმცა ზუსტად ამავე ლოგიკით შესაძლებელია, „გარკვეულმა ძალებმა უცხოეთიდან დააფინანსონ ე.წ. ონლაინ მედია, მათ შორის- თავისი ძირგამომთხრელი საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე“.
„შესაბამისად, ხომ არ უნდა იყოს აქაც იმდაგვარი რეგულაცია, რომ რასაც პოპულარულ ენაზე ონლაინ მედიას ვუწოდებთ ხოლმე, მათზეც გავრცელდეს ანალოგიური შეზღუდვა… თუნდაც აკრედიტაციის ან რეგისტრაციის გამარტივებულ ფორმებთან დაკავშირებით რომ იყოს ჩანაწერი. ამავდროულად, პასუხისმგებლობის სხვადასხვა ფორმა გათვალისწინებული იმ მედიებისთვის, რომლებიც თავს არიდებენ, რომ თანხები იყოს გამჭვირვალე, ამავდროულად, არ იღებდნენ შემოსავალს უცხოეთიდან“, — იკითხა გორდულაძემ.
„იდეა და სულისკვეთება“ გაიზიარა რატი იონათამიშვილმა.
„როდესაც მედია უცხო ძალის მხრიდან ფინანსდება, ეს, როგორც წესი, ადგილობრივი დემოკრატიის ძირის გამოთხრისთვის, დეზინფორმაციისა და მანიპულაციების გასავრცელებლად გამოიყენება. მედია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნდამენტი ეროვნული დემოკრატიების დასაცავად და უცხოური ძალების მხრიდან დაფინანსება ხდება „რბილი ძალის“ გატარების ინსტრუმენტი. სულისკვეთებას, იდეას ვიზიარებ, უბრალოდ ამ საკითხების საკანონმდებლო მოწესრიგებას სჭირდება ცვლილებები სხვადასხვა კანონებში, ანუ პაკეტის სახით შემუშავება, ამიტომ ამ საკითხის ინტეგრირება [მაუწყებლობის კანონში] დღეს გაგვიჭირდება, მაგრამ გამოვთქვამ სრულ მზადყოფნას, რომ კანონშემოქმედებით პროცესზე ვიმუშაოთ ამ საკითხის დარეგულირებაზე“, — თქვა რატი იონათამიშვილმა.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, თავის მხრივ, აღნიშნა გამოწვევები, რომლებიც ამ მიმართულებით არის, ერთი მხრივ, ნორმის აღსრულების მექანიზმების თვალსაზრისით და მეორე მხრივ, იმისთვის, რომ არ დარჩეს ონლაინ მედიის შეზღუდვაზე „სპეკულაციების სივრცე“.
„საკითხი ძალიან კომპლექსურია და ჩვენ ბევრი მიმართულებით გვჭირდება გადაწყვეტა. უნდა იყოს თუ არა კომუნიკაციის მარეგულირებელი ეროვნული სამსახურის ქვეშ ონლაინ მედია? არაა მარტივი, ფართო თემაა და ალბათ, ერთ-ერთი პირველები უნდა ვიყოთ, ვინც ამ მიმართულებით გადაწყვეტილებას მიიღებს“, — დასძინა მდინარაძემ.
„ქართული ოცნების“ მიერ მაუწყებლობის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით იკრძალება მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების (ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის) მიღება (გარდა კომერციული რეკლამისა, ტელეშოპინგისა, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა). ამასთანავე, აკრძალულია უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა (გარდა კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსებისა) ან/და პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება.
ასევე, „დაუშვებელია მაუწყებლის მიერ სოციალური რეკლამის განთავსების სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება“.
„ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული სხვა ცვლილებებით, ,,მაუწყებლობის შესახებ’’ კანონს ემატება დეტალური რეგულაციები ტელე და რადიომაუწყებლობის სტანდარტებთან დაკავშირებით, მათ შორის, ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება და გადაცემა, შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევის და სხვა საგანგებო ვითარების გაშუქება და არასრულწლოვან პირთა დაცვის ცალკეული საკითხები. ახლა ეს ცვლილებები, მაუწყებლებთან ერთად, ინტერნეტზეც გავრცელდება.
კანონპროექტში წარმოდგენილი დეტალური რეგულაციების დიდი ნაწილი მაუწყებელთა ქცევის კოდექსიდან არის აღებული. აქამდე მოქმედი კანონმდებლობით, ტელე და რადიომაუწყებლობის სტანდარტებს არეგულირებდა მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით – №2 დადგენილებით დამტკიცებული ქცევის წესები. მაუწყებლობის სტანდარტების დარღვევაზე აქამდე რეაგირებას ახორციელებდნენ მაუწყებლების თვითრეგულირების მექანიზმები. კერძოდ, ქცევის კოდექსის საფუძველზე, მაუწყებლებში ფუნქციონირებს თვითრეგულირების შიდა ორგანოები, რომლებიც უზრუნველყოფენ საჩივრების განხილვასა და მათზე რეაგირებას.
ინიცირებული ცვლილებებით, თვითრეგულირების მექანიზმებთან ერთად, მაუწყებლობის სტანდარტების დარღვევაზე რეაგირების უფლებამოსილება ექნება სახელმწიფო ორგანოს – კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას. სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირს შეეძლება საჩივარი შეიტანოს პირდაპირ კომუნიკაციების კომისიაში. დარღვევის დადგენის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილი იქნება, მაუწყებელთა მიმართ გამოიყენოს შემდეგი სანქციები – გაფრთხილება, ჯარიმა და გარკვეულ შემთხვევებში – ლიცენზიის შეჩერება და გაუქმება.
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს’’ ანგარიშის თანახმად, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიმართ, წლებია, კითხვის ნიშნები არსებობს მოქმედი ხელისუფლებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებისა და არაერთი სადავო ინიციატივის გამო, რომელიც ქვეყანაში კრიტიკული აზრის შეზღუდვისკენ არის მიმართული.