Meydan.tv-ს ცნობით, აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ ამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ემიგრირებული რამდენიმე პირი საგამოძიებო დეპარტამენტში გამოიძახა.
ამ პირთა შორის არიან ბლოგერები, ბიზნესმენები და ინტერნეტ-არხების ხელმძღვანელები, რომლებიც სხვადასხვა მუხლით არიან ბრალდებული.
გამოცემის ინფორმაციით, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტმა ბრალდებულ პირებს – ილგარ ჰაჯიევს, მეჰმედ მირზალის, ყურბან მამედოვს, ელშად მამედოვს, ყაბილ მამედოვს და ტურალ სადიგლის – ოფიციალური შეტყობინებები გაუგზავნა აზერბაიჯანის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 467-13.4 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად.
მათ შორის ერთ-ერთი პირია ილგარ ჰაჯიევი, რომელიც ერთ დროს აზერბაიჯანში ტენდერების გამარჯვებული იყო და ხელმძღვანელობდა კომპანია “Akkord”-ს. ამჟამად ის ემიგრაციაში იმყოფება და ბოლო წლებში მკაცრად აკრიტიკებდა აზერბაიჯანის ხელისუფლებას.
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ის 14 ივლისს უნდა გამოცხადდეს საგამოძიებო დეპარტამენტში.
ილგარ ჰაჯიევი ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 178.3.2 მუხლით (თაღლითობა). მასზე ძებნა გამოცხადდა და წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
ბლოგერების გამოძახება
როგორც Meydan. tv წერს, გენერალურმა პროკურატურამ ასევე გამოიძახა ბლოგერები -მეჰმედ მირზალი და ყაბილ მამედოვი.
მეჰმედ მირზალი ადრე აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიის (AXCP) წევრი იყო, ამჟამად კი საფრანგეთში ცხოვრობს. მისი თქმით, იგი იყო ორგანიზატორი აქციის “ჯარისკაცთა სიკვდილს წერტილი დაესვას!” ქალაქ გოიჩაიში, რის შემდეგაც დევნის ობიექტი გახდა.
მისი მტკიცებით, ემიგრაციაში წასვლამდე იგი პოლიციაში მიიყვანეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და მისი მამაც არაერთხელ გამოიძახეს პოლიციაში მუქარებით.
ამ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართალდამცავ უწყებებში კომენტარი არ გაკეთებულა.
ხელისუფლების წარმომადგენლები კატეგორიულად უარყოფენ, რომ ადამიანები და მათი ნათესავები პოლიტიკური შეხედულებების გამო ზეწოლის ქვეშ ექცევიან.
გამოცემის ინფორმაციით, არსებობს ცნობები, რომ მეჰმედ მირზალი საფრანგეთში ყოფნისას დანით დაჭრეს. ასევე ითქვა, რომ ამ თავდასხმასთან დაკავშირებით რამდენიმე პირი დააკავეს.
მას ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 220.2 (ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერ მოთხოვნებზე დაუმორჩილებლობა, მასობრივი არეულობისკენ და მოქალაქეებზე ძალადობისკენ მოწოდება) და 281.1 მუხლებით (ხელისუფლების ძალით ხელში ჩაგდების, ძალით შენარჩუნების ან კონსტიტუციური წყობილების შეცვლისკენ მოწოდება).
სხვა ბრალდებულები
გენერალური პროკურატურის მიერ გამოძახებულ სხვა ბლოგერებს შორისაა ყაბილ მამედოვი, რომელიც ხელისუფლების მიმართ მკაცრი განცხადებებით გამოირჩეოდა.
მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 24 სხვადასხვა მუხლით, მათ შორის ტერორიზმთან დაკავშირებით.
ასევე, გამოძახებულია იურისტი და “Azərifreedom” არხის ხელმძღვანელი ყურბან მამედოვი, რომელიც ტერორიზმსა და სხვა დანაშაულებშია ბრალდებული.
მუჰაჯირობაში წასვლამდე ის არაერთხელ იყო დაკავებული სხვადასხვა ბრალდებით, ხოლო უფლებადამცველებმა იგი პოლიტპატიმრად აღიარეს [თუმცა, აზერბაიჯანის ხელისუფლება უარყოფს ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას].
ტელეარხის ხელმძღვანელის საქმე
ასევე გამოძახებულია “Azad Söz”-ის ხელმძღვანელი ტურალ სადიგლი, რომელსაც მასობრივი არეულობებისკენ მოწოდებასა და სხვა უკანონო ქმედებებში ადანაშაულებენ.
მასზე გამოცხადდა ძებნა, ხოლო სასამართლომ მის მიმართ დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა განსაზღვრა.
Meydan.tv წერს, რომ ჯერ არ არსებობს ოფიციალური კომენტარები გამოძახებული პირების მხრიდან – “თუმცა, მათ ადრე უარყვეს ყველა წაყენებული ბრალდება და განაცხადეს, რომ დევნას მათ კრიტიკულ საქმიანობას უკავშირებენ”.