ახალი ამბები

„ოცნება“ მაუწყებლების რეგულირების კანონს ინტერნეტზეც გაავრცელებს

17 მარტი, 2025 •
„ოცნება“ მაუწყებლების რეგულირების კანონს ინტერნეტზეც გაავრცელებს

„ქართული ოცნება“ კანონს, რომლითაც მაუწყებლების შინაარსის რეგულირებას გეგმავდა, ინტერნეტზეც გაავრცელებს და მათ შორის ონლაინმედიებსაც შეეხება.

ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პარლამენტის იურიუდილ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, დღეს, 17 მარტს განაცხადა კანონპროექტის მეორე მოსმენით საკომიტეტო განხილვისას.

„როგორც პირველი მოსმენით განხილვის დროს გუნდთან შეთანხმებით გაჟღერებული იქნა, რომ ე.წ. ონლაინმედიებზეც უნდა გავრცელდეს ქცევის ის სტანდარტი, რაც ზოგადად მაუწყებლებისთვისაა გათვალისწინებული. გამომდინარე იქიდან, რომ იხვეწება და ვითარდება ტექნოლოგიები და ინფორმაციის გავრცელება სხვადასხვა საშუალებით ხდება, ამ ყველაფერზე საკანონმდებლო ცვლილებებიც უნდა არსებობდეს.

სწორედ ამიტომ, წარმოდგენილ კანონპროექტში განიმარტება, თუ რა არის ინტერნეტ მომსახურება და ინტერნეტ მომსახურების ცნების განმარტებისას გამოყენებული იქნება დეფინიცია, რომლის მიხედვითაც: „ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებლის მიერ მასობრივი ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფო ენაზე ინტერნეტ საშუალების განკუთვნილ ინტერნეტ დომეინის ანდა ინტერნეტ ჰოსტინგის საშუალებით, ასევე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე, მათ შორის, სოციალურ ქსელში, ინფორმაციის განთავსება“. ეს იქნება განმარტება ინტერნეტ მედიამომსახურებისა. ხოლო ინტერნეტ მედიამომსახურების მიმწოდებლად ჩაითვლება მაუწყებელი ან სხვა პირი, რომელიც მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო ენაზე განსახორციელებლად ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს ან იყენებს ინტერნეტ დომეინს და ინტერნეტ ჰოსტინგს“, – თქვა გორდულაძემ.

გორდულაძის თქმით, ინტერნეტ მედიამომსახურების მიმწოდებლის პასუხისმგებლობა ზუსტად იგივე იქნება, როგორც ეს მაუწყებლის შემთხვევაშია.

„რაც გულისხმობს პირველ შემთხვევაში გაფრთხილებას, შემდეგ, გაფრთხილების მიუხედავად, დარღვევის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, შესაძლებელია, რომ [კომუნიკაციების] კომისიამ გამოიყენოს ჯარიმები. ჯარიმები განსაზღვრულია ბრუნვის 0.5%-ის, 1%-ის, 3%-ის ოდენობით. დამატებით მსჯელობის საგნად შემიძლია შემოგთავაზოთ და ამავდროულად ეს ყველაფერი შეგვიძლია გადავიტანოთ პლენარულ სხდომაზე უკვე დაზუსტებული ვერსია, რომ [იყოს] „მათ შორის, შესაბამისი ინტერნეტ დომეინის ან ინტერნეტ ჰოსტინგის ფუნქციონირების შეწყვეტა“. გამომდინარე იქიდან, რომ მაუწყებლობის შემთხვევაში ასეთი რამე არის გათვალისწინებული, როგორიც არის ავტორიზაციის შეწყვეტა“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

საუბარია ცვლილებებზე, რომლითაც „ოცნება“ ირწმუნება, რომ მედიაში მაღალ სტანდარტს აწესებს. სინამდვილეში კი, კრიტიკული მედიების წარმომადგენლების განცხადებით, „ოცნება“ ცდილობს, რომ სისტემის ხელში გადავიდეს პოლიტიკური ცენზურის წარმოება.

ამ ცვლილებებით სისტემას დაემატება სამართლებრივი და რეგულატორის მექანიზმები, რომელიც მედიის მიერ წარმოებული პროდუქციის შინაარსში ჩარევას კანონიერს გახდის.

განახლება:

17 მარტს საღამოს, უმრავლესობის სხდომის შემდეგ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ კანონი, რომლითაც მაუწყებლების შინაარსის რეგულირებას გეგმავს, მხოლოდ მაუწყებლების ონლაინ პლატფორმებზე გავრცელდება და არა ზოგადად ონლაინმედიაზე.


„ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული ცვლილებებით, რომელიც ,,მაუწყებლობის შესახებ’’ კანონში შედის, კანონს ემატება დეტალური რეგულაციები ტელე და რადიომაუწყებლობის სტანდარტებთან დაკავშირებით, მათ შორის, ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება და გადაცემა, შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევის და სხვა საგანგებო ვითარების გაშუქება და არასრულწლოვან პირთა დაცვის ცალკეული საკითხები. ახლა ეს ცვლილებები, მაუწყებლებთან ერთად, ინტერნეტზეც გავრცელდება.

კანონპროექტში წარმოდგენილი დეტალური რეგულაციების დიდი ნაწილი მაუწყებელთა ქცევის კოდექსიდან არის აღებული. აქამდე მოქმედი კანონმდებლობით, ტელე და რადიომაუწყებლობის სტანდარტებს არეგულირებდა მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით – №2 დადგენილებით დამტკიცებული ქცევის წესები. მაუწყებლობის სტანდარტების დარღვევაზე აქამდე რეაგირებას ახორციელებდნენ მაუწყებლების თვითრეგულირების მექანიზმები. კერძოდ, ქცევის კოდექსის საფუძველზე, მაუწყებლებში ფუნქციონირებს თვითრეგულირების შიდა ორგანოები, რომლებიც უზრუნველყოფენ საჩივრების განხილვასა და მათზე რეაგირებას.

ინიცირებული ცვლილებებით, თვითრეგულირების მექანიზმებთან ერთად, მაუწყებლობის სტანდარტების დარღვევაზე რეაგირების უფლებამოსილება ექნება სახელმწიფო ორგანოს – კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას. სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირს შეეძლება საჩივარი შეიტანოს პირდაპირ კომუნიკაციების კომისიაში. დარღვევის დადგენის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილი იქნება, მაუწყებელთა მიმართ გამოიყენოს შემდეგი სანქციები – გაფრთხილება, ჯარიმა და გარკვეულ შემთხვევებში – ლიცენზიის შეჩერება და გაუქმება.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს’’ ანგარიშის თანახმად, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიმართ, წლებია, კითხვის ნიშნები არსებობს მოქმედი ხელისუფლებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებისა და არაერთი სადავო ინიციატივის გამო, რომელიც ქვეყანაში კრიტიკული აზრის შეზღუდვისკენ არის მიმართული.

მასალების გადაბეჭდვის წესი