ახალი ამბები

დიმიტრი შაშკინი: თეუსუ არ დაიხურება

3 ნოემბერი, 2010 • • 1811
დიმიტრი შაშკინი: თეუსუ არ დაიხურება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა,დიმიტრი შაშკინმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომის შემდეგ უმაღლესი სასწავლებლების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით მხოლოდ მცირე კომენტარი გააკეთა.

შაშკინის განცხადებით, თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი (თეუსი) არ დაიხურება. უნივერსიტეტი უმაღლესი სასწავლებლების ოპტიმიზაციის პროგრამაში მოყვა. პროგრამის მიხედვით, მინისტრის განცხადებით, მოხდება თეუსუსა და თსუს (ივ, ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) მატერიალური ბაზის შერწყმა, იმისათვის, რომ თეუსის ფინანსური პრობლემები მოგვარდეს.

,,ხდება უნივერსიტეტის ოპტიმიზაცია, მატერიალური ბაზის შერწყმა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია ფინანსურად, იმისათვის რომ ეს ფინანსური პრობლემები, რომლებიც აქვს თეუსუს, იყოს მოგვარებული’’, – განმარტა დიმიტრი შაშკინმა.

თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოპტიმიზაციის შესახებ დადგენილების პროექტი დღეს დიმიტრი შაშკინმა მთავრობის სხდომაზე წარადგინა. როგორც მთავრობის სხდომის დღის წესრიგში წერია, დადგენილება, ამ უნივერსიტეტების ოპტიმიზაციის გარდა , შპს საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის უნივერსიტეტის ლიკვიდაციის წარმოების დაწყებას გულისხმობს.

ნეტგაზეთისათვის ჯერ უცნობია, მოხდა თუ არა მთავრობის სხდომაზე განათლების მინისტრის დადგენილების დამტკიცება. მთვარობის სხდომები მედიისათვის დახურულია, ხოლო მთავრობის პრესსპიკერი ნიკო მჭედლიშვილი ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.

თსუ და თეუსის გარდა, უნივერსიტეტების ოპტიმიზაციის პროგრამაში კიდევ რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი მოყვა.

დადგენილებების მიხედვით, მოხდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და ტყიბულის პროფესიული სწავლების ცენტრის რეორგანიზაციაც, საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიერთება, წნორის კოლეჯისა და იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანება.

თეუსის თსუ-სთან ოპტიმიზაციის საკითხი დღეს თეუსის სტუდენტებმა უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან განიხილეს. სტუდენტებს მიაჩნიათ, რომ ამ გადაწყვეტილებით, მათი უფლებები ირღვევა.

დღეს თეუსუში ლექციები არ ჩატარებულა. სტუდენტები ამბობენ, რომ მათთვის არ არის ცნობილი, ჩატარდება თუ არა ლექციები ხვალ.

მასალების გადაბეჭდვის წესი