12 მარტს ბაქოს სააპელაციო სასამართლომ ჟურნალისტ აითაჯ თაფთიგის საჩივარი განიხილა შინაპატიმრობაში გადაყვანის თაობაზე.
Meydan TV-ის ჟურნალისტმა, აითაჯ თაფთიგმა, ბაქოს სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, რომ კონტრაბანდის ბრალდება დაუსაბუთებელია. დაცვის მხარემ ასევე აღნიშნა, რომ არ არსებობს მის წინააღმდეგ რაიმე მტკიცებულება. მიუხედავად ამისა, სასამართლომ თაფთიგი პატიმრობაში დატოვა.
2024 წლის 6 დეკემბერს Meydan TV-ის თანამშრომლები – აინურ ელგიუნეში, აითაჯ თაფთიგი, ხაიალა აგაევა, აისელ უმუდოვა, ნატიგ ჯავადლი და ფრილანსერი ჟურნალისტი რამინ დეკო დააკავეს წინასწარი შეთანხმებით ვალუტის კონტრაბანდაში ეჭვის მიტანის საფუძველზე. დაკავებულებმა ეს საქმე მათ ჟურნალისტურ საქმიანობას დაუკავშირეს.
6 თებერვალს იმავე საქმის ფარგლებში დააკავეს საინფორმაციო ვებგვერდის, arqument.az-ის ხელმძღვანელი შამშად აგა, 21 თებერვალს – ფრილანსერი ჟურნალისტი ნურლან გაარამანლი, ხოლო 1 მარტს – ჟურნალისტი ფატიმა მავლამლი. 6 მარტს ბაქოს სასამართლომ უარი თქვა აითაჯ თაფთიგის შინაპატიმრობაში გადაყვანაზე.
“საჩივრის განხილვა თავად აითაჯის მონაწილეობით გაიმართა. მან განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და ამ საქმეს თავის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს. მისი თქმით, პატიმრობაში მხოლოდ იმიტომ აღმოჩნდა, რომ პატიოსნად ,მუშაობდა, აშუქებდა ხალხის პრობლემებს და ადამიანის უფლებების დარღვევებს. აითაჯმა აღნიშნა, რომ მას ამაში არანაირი სინანული არ აქვს და კონტრაბანდის ბრალდება უსაფუძვლო და ყალბია”, – განუცხადა “კავკაზსკი უზელის” ჟურნალისტს მისმა ადვოკატმა ჯავად ჯავადოვმა.
ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ ბრალდება სრულიად დაუსაბუთებელია.
“კონტრაბანდის ბრალდება აბსოლუტურად უსაფუძვლოა და არ ეყრდნობა არანაირ დამაჯერებელ მტკიცებულებას. ამ საქმის ყველა ფიგურანტს ერთი რამ აერთიანებს – ისინი Meydan TV-სთან თანამშრომლობდნენ. თუმცა კონტრაბანდის ბრალდებას სჭირდება კონკრეტული ნივთიერი მტკიცებულებები, მაგრამ ისინი არ არსებობს. თაფთიგი არც ვალუტის კონტრაბანდაზე დაუჭერიათ და არც რაიმე უკანონო ფულის გადაცემის პროცესში” ,– განაცხადა ადვოკატმა.
მიუხედავად ამისა, სასამართლომ საჩივარი არ დააკმაყოფილა.
“ჩვენ ამით ამოვწურეთ ყველა სამართლებრივი გზით გასაჩივრების შესაძლებლობა, ამიტომ ახლა უკვე მივმართავთ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს (ECHR), რათა საბოლოოდ დავამტკიცოთ მისი დაკავების უკანონობა”, – თქვა ადვოკატმა.
გარდა ამისა, 11 მარტს ECHR-მა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება აითაჯ თაფთიგის (ყოფილი აითაჯ ახმედოვა) 2015 წლის სარჩელის საფუძველზე.
სარჩელი უკავშირდებოდა მის იძულებით მიყვანას აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში 2015 წლის სექტემბერში, სადაც მას Meydan TV-ის საქმიანობაზე კითხავდნენ. ამასთან, მისი ბინის ჩხრეკა ჩატარდა სასამართლოს ორდერის გარეშე, ჩამოართვეს კომპიუტერი, ხოლო მოგვიანებით ინტერნეტში გავრცელდა მისი პირადი ფოტოები, მათ შორის სანაპიროზე გადაღებული. სოციალურ ქსელებში ფოტოებს თან ახლდა ძალადობრივი მოწოდებები ჟურნალისტის წინააღმდეგ.
ადგილობრივმა სასამართლოებმა არ ჩაატარეს გამოძიება მისი პრეტენზიების საფუძველზე, რაც ECHR-მა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემა) დარღვევად ცნო.
სტრასბურგის სასამართლომ აზერბაიჯანს დააკისრა თაფთიგისთვის 4500 ევროს კომპენსაციის გადახდა მორალური ზიანისთვის, 1000 ევროს გადახდა კი, სასამართლო ხარჯების დასაფარად.