სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, სერჟ სარგსიანს, ახალი ბრალდებები წარუდგინა, ხოლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად ქვეყნიდან გაუსვლელობაზე ხელწერილი შეარჩია.
ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის საზოგადოებრივმა ტელევიზიამ გაავრცელა გენპროკურატურის პასუხზე დაყრდნობით.
წყაროს ინფორმაციით, საქმე აღიძრა ერევანში, ისაკოვის პროსპექტისა და სამხედრო პანთეონ “ერაბლურის” მიმდებარე მიწის ნაკვეთების უკანონო გასხვისების ფაქტზე. სარგსიანს ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქონების გაფლანგვასა და ფულის გათეთრებაში.
მანამდე სარგსიანს ბრალად ედებოდა სახელმწიფო სახსრების განსაკუთრებით დიდი ოდენობით გაფლანგვის ორგანიზება და კომპანია Flash-ის მფარველობა მისი პრეზიდენტობის დროს, რის შედეგადაც ამ კომპანიამ მოიპოვა სახელმწიფო ტენდერი დიზელის საწვავის მიწოდებაზე. 2023 წლის მაისში იგი სასამართლომ გაამართლა.








