ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“გვწამს, რომ თურქეთთან სრულფასოვნად დავარეგულირებთ ურთიერთობებს” – სომხეთის საგარეო მინისტრი

11 მარტი, 2025 •
“გვწამს, რომ თურქეთთან სრულფასოვნად დავარეგულირებთ ურთიერთობებს” – სომხეთის საგარეო მინისტრი

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა, ნიუ-დელიში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მსოფლიო საკითხთა ინდურ საბჭოში (ICWA) სიტყვით გამოსვლისას თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზების შესახებაც ისაუბრა.

“სომხეთი ჩართულია თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესში. ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ ურთიერთობების სრულფასოვანი დარეგულირება, განსაკუთრებით ამ ეტაპზე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება და საზღვრების გახსნა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობას. ჩვენ განვაგრძობთ ამ დიალოგს და ვდგამთ პრაქტიკულ ნაბიჯებს. შეთანხმებული ვართ, ერთობლივად აღვადგინოთ ანის ხიდი, ისტორიული ძეგლი, რომელიც სომხეთ-თურქეთის საზღვარზე მდებარეობს. ეს ინიციატივა ემატება უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ითვალისწინებს პირდაპირი ავიარეისების დაწყებას და საჰაერო სატვირთო გადაზიდვების დაბრკოლებების მოხსნას”, – განაცხადა მირზოიანმა.

მისივე თქმით, სომხურ მხარეს მიაჩნია, რომ კომუნიკაციების განბლოკვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

“სწორედ ამიტომ, სომხეთის მთავრობამ წამოიწყო „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განბლოკვას სუვერენიტეტის, ეროვნული იურისდიქციის, თანასწორობისა და ურთიერთობის პრინციპებზე დაყრდნობით. პროექტის არსი მდგომარეობს სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყნის დაკავშირებაში განახლებული და ახალი გზების, რკინიგზების, მილსადენების, საკაბელო კავშირებისა და ელექტროგადამცემი ხაზების მეშვეობით”.

მასალების გადაბეჭდვის წესი