ახალი ამბები

გილაურმა ჩინეთსა და ინდოეთში სამთავრობო ვიზიტი შეაფასა

3 ნოემბერი, 2010 • • 1142
გილაურმა ჩინეთსა და ინდოეთში სამთავრობო ვიზიტი შეაფასა

10-ზე მეტ კონკრეტულ პროექტზე საუბრობს ნიკა გილაური,რომელიც სამომავლოდ საქართველოს მთავრობა ჩინეთთან და ინდოეთთან განახორციელებს.

პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები განიხილებოდა ჩინეთსა და ინდოეთში სამთავრობო ვიზიტისას – აცხადებს პრემიერ მინისტრი.

ნიკა გილაურის თქმით,  ჩინეთში სამთავრობო დელეგაციამ შეხვედრები მინისტრებთან და ვიცე-პრემიერთან გამართა, სადაც მათ დაადასტურეს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.

ჩინეთსა და ინდოეთში ვიზიტის მიზეზი, პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ ყვეყნების მზარდი ეკონომიკის მაჩვენებელია, რაც ინვესტიციების მოზიდვის შანსს ზრდის.

ინდოეთში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლობა ბიზნეს კონფერენციას დაესწრო.

გილაურის განმარტებით, 10–ზე მეტი კონკრეტული პროექტია, რომელზეც საქართველოს მთავრობა ჩინეთთან და ინდოეთთან მუშაობს. მათ შორის არის არსებული პორტის გაზრდა ან ახლის მშენებლობა, ახალი სავაჭრო ცენტრის, მეტალურგიული ქარხნის, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობები და სხვა.

,,ახლა, აუცილებელია ეკონომიკის სამინისტრომ და ჩვენმა საელჩოებმა ამ ინვესტორებთან ინტენსიურად იმუშაონ, რათა ეს პროექტები შედგეს და ეს ფული შემოვიდეს საქართველოში და რეალურად ამ ფულით შეიქმნას მეტი დამატებითი  სამუშაო ადგილი და შემცირდეს უმუშევრობა’’, – აცხადებს ნიკა გილაური.

გილაური ამბობს, რომ ამ ვიზიტის შედეგად უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში საქართველოში დაახლოებით ნახევარი მილიარდი დოლარის წამოღებაა შესაძლებელი.

პრემიერის თქმით,  ჩინეთისა და ინდოეთის დაინტერესება არის ორგვარი. მისი განმარტებით, ძალიან დიდი ვაჭრობაა ჩინეთსა და ინდოეთსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის, ამიტომ საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, მათთვის საინტერესოა.

მეორე დაინტერესება, გილაურის თქმით, არის ამ ქვეყნების სურვილი, საქართველოში გახსნან ახალი საწარმოები და აქ ნაწარმოები პროდუქტი შემდეგ გაიტანონ ექსპორტზე ევროკავშირის ქვეყნებში.

სამთავრობო ვიზიტი გილაურმა მტავრობის სხდომის დაწყებისას შეფასა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი