სოციალური სამართლიანობის ცენტრმა 2025 წლის 10 იანვარს მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და, მოითხოვა დროებითი ღონისძიების (Interim Measure) გამოყენება, რათა შეჩერებულიყო აფგან სადიგოვის ექსტრადიცია აზერბაიჯანში. ეს მექანიზმი გამოიყენება მაშინ, როდესაც არსებობს ადამიანის უფლებების დარღვევის მაღალი და შეუქცევადი რისკი და აუცილებელია, რომ სახელმწიფოებმა თავი შეიკავონ კონვენციის საწინააღმდეგო ქმედებებისგან.

სასამართლომ მოთხოვნა დააკმაყოფილა და 2025 წლის 14 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ხელისუფლებას დაევალა, რომ აფგან სადიგოვი აზერბაიჯანის რესპუბლიკისთვის არ გადაეცა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებიდან მე-7 დღემდე. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საჩივარს პრიორიტეტი მიანიჭა რეგლამენტის 41-ე წესის საფუძველზე, რაც საქმის დროული განხილვის რეჟიმს გულისხმობს.

„ოცნების“ ხელისუფლების მტკიცებით, სადიგოვს აზერბაიჯანში საფრთხე არ ემუქრებოდა და მოითხოვა, რომ არ გაგრძელებულიყო დროებითი ღონისძიება. თუმცა 2025 წლის 27 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა სადიგოვის და მისი ინტერესების დამცველთა პოზიცია და მიიღო გადაწყვეტილება 2025 წლის 14 იანვარს მიღებული დროებითი ღონისძიების (Rule 39) გახანგრძლივების შესახებ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დროებითი ღონისძიება ძალაში დარჩება, სანამ აფგან სადიგოვის საქმის არსებითი განხილვა სტრასბურგის სასამართლოში არ დასრულდება.

აფგან სადიგოვმა პროტესტის ნიშნად 161 დღე იშიმშილა. ამ ეტაპზე აფგან სადიგოვი N18 სამკურნალო დაწესებულებაში რჩება. Მას რთული და ხანგრძლივი რეაბილიტაციის პროცესის გავლა მოუწევს, რომელსაც სათანადო სამედიცინო მართვა და მხარდაჭერა სჭირდება.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, რომ შეიცვალოს სადიგოვისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა.

აფგან სადიგოვი აზერბაიჯანის მოთხოვნის საფუძველზე 2024 წლის 3 აგვისტოს თბილისში დააკავეს.