ახალი ამბები

EU-მ სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად პროექტი „იმოქმედე საქართველოსთვის“ დაიწყო

27 თებერვალი, 2025 •
EU-მ სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად პროექტი „იმოქმედე საქართველოსთვის“ დაიწყო

ევროკავშირმა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად დაიწყო პროექტი – იმოქმედე საქართველოსთვის: მტკიცე და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ცვლილებებისთვის .

პროექტი 2-წლიანია (2025-2027 წლებზეა გათვლილი) და მისი მთლიანი ბიუჯეტი 1 568 328 ევროა.

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პროექტი “იმოქმედე საქართველოსთვის“ აძლიერებს ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოს რეგიონებში, ხელს უწყობს დემოკრატიულ მმართველობას და სამოქალაქო ჩართულობას ქვეყნის მასშტაბით. პროექტის მიზანია სამოქალაქო სექტორის ინსტიტუციური გაძლიერება და მისი მდგრადობის უზრუნველყოფა.

„დემოკრატიული ღირებულებებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის მიზნით, პროექტის ფარგლებში შეიქმნა სამოქალაქო საზოგადოების ჰაბები, რომლებიც საქართველოს 10 რეგიონში წარმოადგენენ სამოქალაქო სექტორის ინსტიტუციურ საყრდენს. პროექტი ასევე აძლიერებს სათემო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო აქტივისტებს, ადგილობრივ გამოწვევებზე შემდგომი რეაგირების, ადვოკატირებისა და პოზიტიური ცვლილებების მიზნით.

პროექტი ეფუძნება იმ ცოდნასა და გამოცდილებას, რაც დაგროვდა წინა წლებში განხორციელებული ორი პროექტის – “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” (2017-2021) და “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა” (2021-2024) – ფარგლებში“, – ვკითხულობთ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ამავე ინფორმაციის თანახმად, პროექტის კონკრეტული მიზნებია:

  • სამოქალაქო საზოგადოების აქტორებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს (ბიზნესი, მედია, ფართო საზოგადოება) შორის კავშირების გაძლიერება. ასევე, სამოქალაქო საზოგადოების აქტორების მომზადება ხელისუფლებასთან არსებითი დიალოგისთვის, როცა ამის პირობები შეიქმნება.
  •  ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების აქტორების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება, განსაკუთრებით მათი ფინანსური მდგრადობის სტრატეგიებისა და საზოგადოებასთან საკომუნიკაციო კამპანიის გაუმჯობესების გზით.

გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, პროექტი საქართველოს რეგიონებში ფარავს:

  • 500 ორგანიზებულ ჯგუფს (სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, სათემო ორგანიზაციები და საინიციატივო ჯგუფები)
  •  3000 მოქალაქე (აქტივისტები, ახალგაზრდები, სკოლის მასწავლებლები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები)
  •  50 ბიზნესორგანიზაცია.

„პროექტი ასევე მოიცავს კომპლექსურ საგრანტო კომპონენტს სამოქალაქო საზოგადოების ჰაბების, ადგილობრივი ინიციატივების, სამოქალაქო აქტივისტების, სახალხო დაფინანსების (“ქრაუდფანდინგის”), კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მხარდასაჭერად“, – ვკითხულობთ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი