ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი საარჩევნო კოდექსსა და სოციოლოგიულ კვლევებზე

2 ნოემბერი, 2010 • • 1614
საქართველოს პრეზიდენტი საარჩევნო კოდექსსა და სოციოლოგიულ კვლევებზე

პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე საარჩევნო კედექსთან და სოციოლოგიურ კვლევებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მოსაზრებები გაახმაურა.

პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის აზრით,  კვლევებმა დაადასტურა, რომ საქართველოს მოსახლეობის ნდობა საქართველოს ხელისუფლებისადმი საკმაოდ მაღალია. სააკაშვილი განსაკუთრებით რამდენიმე პუნქტს გამოყოფს, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლებას  ნდობას  გამოკითხულთა 62 პროცენტი უცხადებს,  მოსახლეობის უმრავლეოსობა, – გამოკითხულთა 74 პროცენტი,  ასევე, მხარს უჭერს  საქართველოს მისწრაფებას, გახდეს  ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი. სააკაშვილის აზრით, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მაჩვენებლებია ნატოს ლისაბონის სამიტის წინ.

 ,,თუმცა  აქვე მინდა განვმარტო, რომ  ხელისუფლება  შორს არის ილუზიებისგან  და კარგად აცნობიერებს, რომ ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა გვაქვს და ეს კვლევამაც დაგვანახა. უპირველეს ყოვლისა, მთავრობა სწორედ  ამ გამოწვევებზეა ორიენტირებული. პრობლემები რჩება სოციალურ სფეროში, ჯანდაცვაში, მთავარი ამოცანა და მთავარი გამოწვევა  დასაქმების საკითხია. ეს მონაცემები კიდევ ერთხელ შეახსენებს  ხელისუფლებას იმის თაობაზე, რომ ნდობის მაღალი ხარისხი ხალხისა და   ქვეყნის წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობით უნდა იყოს გამყარებული”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

მანჯგალაძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი ადასტურებს თავის მხარდაჭერას საარჩევნო კოდექსის განხილვის პროცესთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ  ეს პროცესი  ყოველგვარი წინაპირობებისა და  ულტიმატუმების გარეშე  უნდა წარიმართოს.

,,ამ მხრივ, პრეზიდენტი მიესალმება პარლამენტის თავმჯდომარის  ინიციტივას კონსულტაციების თაობაზე,  იმედს გამოთქვამს, რომ ეს პროცესი უახლოეს პერიოდში დაიწყება და მასში ყველა დაინტერესებული პირი თუ სუბიექტი მიიღებს მონაწილეობას”, – აღნიშნა მანჯგალაძემ.

ბრიფინგზე გაირკვა, რომ პრეზიდენტი ასევე მიესალმება საქართველოს პარლამეტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის წამოწყებას, რომელიც მედიის გამჭვირვალობას შეეხება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი