პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, უკრაინის იძულებითი კაპიტულაცია ნიშნავს მთელი დასავლური საზოგადოების კაპიტულაციას.
„უკრაინის იძულებითი კაპიტულაცია ნიშნავს მთელი დასავლური საზოგადოების კაპიტულაციას. ყველა შემდგომი შედეგით. არავის მისცეთ საშუალება, თავი მოაჩვენოს, რომ ამას ვერ ხედავს“, – დაწერა ტუსკმა X-ზე.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა ვოლოდიმირ ზელენსკი და თქვა, რომ „მოკრძალებულად წარმატებულმა კომიკოსმა“ დაარწმუნა შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაცია, 350 მილიარდი დოლარი დაეხარჯა ომზე, რომელიც არასოდეს უნდა დაწყებულიყო.
ტრამპის თქმით, ეს ომი პირადად მისი და შეერთებული შტატების გარეშე ვერ მოგვარდება. მისი თქმით, ზელენსკი არ ატარებს არჩევნებს, დაბალი რეიტინგი აქვს უკრაინაში და ერთადერთი, რაც კარგად გამოსდიოდა, ჯო ბაიდენის მანიპულირება იყო.
ზელენსკისა და ტრამპს შორის რიტორიკა განსაკუთრებით დაიძაბა მას შემდეგ, რაც უკრაინამ უარი თქვა იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე მიუნხენში, ხოლო აშშ-სა და რუსეთს შორის, უკრაინის გარეშე, პირველადი მოლაპარაკებები გაიმართა საუდის არაბეთში.
3 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სურს, უკრაინამ დახმარების სანაცვლოდ შეერთებულ შტატებს იშვიათი წიაღისეული მიაწოდოს. თავად უკრაინის „გამარჯვების გეგმა“ სტრატეგიულ პარტნიორებს სთავაზობს სპეციალურ შეთანხმებას ქვეყნის კრიტიკული რესურსების ერთობლივი დაცვის, ასევე ერთობლივი ინვესტიციებისა და ამ ეკონომიკური პოტენციალის გამოყენების შესახებ. ეს მოიცავს ტრილიონობით აშშ დოლარის ღირებულების ბუნებრივ რესურსებს და კრიტიკულ ლითონებს, მათ შორის ურანის, ტიტანის, ლითიუმის, გრაფიტის და სხვა სტრატეგიულად ღირებული რესურსების ჩათვლით.
„ევროპულ პრავდას“ ცნობით, მემორანდუმი, რომელიც აშშ-მა კიევს წარუდგინა, უკრაინის ბუნებრივი რესურსებიდან მოგების შუაზე გაყოფას სთავაზობდა. ამასთან, ამერიკული მხარის ბენეფიციარები იყვნენ არა აშშ-ის მთავრობა, არამედ კერძო ინვესტორები. შეთანხმება არ შეიცავდა უსაფრთხოების გარანტიებს, რის გამოც ზელენსკიმ უარი თქვა მიუნხენში დოკუმენტის ხელმოწერაზე.
მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ იმედგაცრუება გამოხატა ელ-რიადში გამართული შეხვედრის შესახებ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიევი დაადანაშაულა რუსეთთან ომის ვერ აცილებაში, ასევე თქვა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის რეიტინგი 4%-ია და უკრაინაში არჩევნების საჭიროებაზე მიუთითა.
კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის ბოლო, 2024 წლის დეკემბრის კვლევით, უკრაინელების 52% ენდობა ზელენსკის, 39% კი უნდობლობას უცხადებს.
„თუ ვინმეს ჩემი შეცვლა ახლავე უნდა, მაშინ ახლა ეს არ გამოვა. თუ ვსაუბრობთ 4%-ზე, ჩვენ ვიცით ეს დეზინფორმაცია და გასაგებია, რომ ის რუსეთიდან მოდის. გვაქვს მტკიცებულებებიც“, — განაცხადა ზელენსკიმ.
მან თქვა, პრეზიდენტი ტრამპი, რომელსაც დიდ პატივს სცემს, „დეზინფორმაციულ სივრცეში“ ცხოვრობს.
„აშშ დაეხმარა პუტინს მრავალწლიანი იზოლაციიდან გამოსვლაში“, — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
დასავლეთის სახელმწიფოების მხრიდან რუსეთი იზოლაციაში მოექცა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
„არავინაა გაღიზიანებული. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ“, — განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე.