სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს კლინიკა „ვივამედში“ რამდენიმე დღის წინ პატიმარ დავით გუჯეჯიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ პატიმარმა, გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, გაუარესებული ჯანმრთელობის გამო კლინიკაში გადაყვანისას თავად განაცხადა უარი გამოკვლევასა და მკურნალობაზე.
„გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დ.გ. გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკა “ვივამედში”, სადაც ყველანაირი გამოკვლევისა და მკურნალობის ჩატარებაზე განაცხადა უარი და მისივე მოთხოვნით დაბრუნებულ იქნა N18 სამკურნალო დაწესებულებაში. მსჯავრდებული დ.გ. მდგომარეობის გაუარესების გამო, გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ბრიგადის მეშვეობით, განმეორებით გადაყვანილ იქნა კლინიკა “ვივამედში”.გატარებული სამედიცინო ღონისძიებების მიუხედავად, დ.გ. კლინიკაში გადაყვანიდან მეორე დღეს გარდაიცვალა“, — აცხადებს პენიტენციური სამსახური.
განცხადებაში ნათქვამია, რომ გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის მიერ გახმიანებული ბრალდება, რომ პატიმარი გლდანის ციხის ბადრაგის მხრიდან ცემის შედეგად გარდაიცვალა, დეზინფორმაციაა.
„გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ დ.გ.-ს მიმართ ბადრაგის მხრიდან რაიმე სახის ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ამიტომ, გარდაცვალების მიზეზად აღნიშნულის დასახელება არის დეზინფორმაცია და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციას. […]
ცილისწამების პასუხად, პენიტენციური სამსახური მზაობას გამოთქვამს, გარდაცვლილის ოჯახის წევრის თანხმობის შემთხვევაში, გაასაჯაროოს ყველა არსებული დოკუმენტაცია და ვიდეომეთვალყურეობის სისტემით დაფიქსირებული კადრები, რაც გამორიცხავს დ.გ.-ს მიმართ ჩადენილ რაიმე სახის ძალადობას“, — ნათქვამია განცხადებაში.
დავით გუჯეჯიანთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემაც და განაცხადა, რომ კლინიკაში შეყვანისას პატიმარს გარეგანი დაზიანებები არ ჰქონია, თუმცა, მძიმე, უგონო მდგომარეობიდან გამომდინარე, მაშინვე მოათავსეს რეანიმაციულ განყოფილებაში.
დავით გუჯეჯიანი სასჯელს გლდანის მე-18 დაწესებულებაში იხდიდა. დღეს ოჯახმა მის გარდაცვალებაში ციხის ადმინისტრაცია დაადანაშაულა – ისინი ვარაუდობენ, რომ გუჯეჯიანი ბადრაგებმა სცემეს.
დავით გუჯეჯიანი 52 წლის იყო. მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული არაერთი პრობლემა ჰქონდა და ეტლით გადაადგილდებოდა. გარდაცვლილის დედა, სვეტლანა გუჯეჯიანი ამბობს, რომ პატიმარი აქამდეც გამხდარა ძალადობის ობიექტი ბადრაგების მხრიდან. გუჯეჯიანის ოჯახმა წლების განმავლობაში, არაერთხელ მიმართა, როგორც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ისე სახალხო დამცველს.
სახალხო დამცველის აპარატში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ მიმდინარეობს საკითხის მოკვლევა, აქვთ ოჯახთან კომუნიკაცია და ელოდებიან მათგან დამატებითი ინფორმაციის მიღებას. რაც შეეხება საგამოძიებო სამსახურს, ჩვენ მათ ვკითხეთ, დაიწყო თუ არა გამოძიება მომხდარზე. უწყებისგან პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.