აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა არ გამორიცხა უკრაინაში ამერიკული ჯარების გაგზავნა, თუ მოსკოვი არ დასთანხმდება სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც ოფიციალური კიევის გრძელვადიან დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს.
ამის შესახებ ვენსმა მიუნხენის კონფერენციის წინ, Wall Street Journal-თან ინტერვიუში განაცხადა.
„არსებობს ეკონომიკური ბერკეტების ინსტრუმენტი, რა თქმა უნდა, არსებობს სამხედრო ბერკეტების ინსტრუმენტი“, — თქვა ვენსმა.
ვენსის აზრით, გამოვა შეთანხმება, რომელიც „შოკში ჩააგდებს ბევრ ადამიანს“.
„პრეზიდენტი არ აპირებს ამ საქმეში ლიმიტების დაწესებას. ის იტყვის: „ყველაფერი მაგიდაზეა, მოდით, გარიგება დავდოთ”, — თქვა ვენსმა.
უკრაინასთან დაკავშირებით ვენსმა განაცხადა, რომ ჯერ ნაადრევია იმის შესახებ საუბარი, თუ რამდენად დარჩება ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი რუსეთის ხელში, ან უსაფრთხოების რა გარანტიები შეიძლება შესთავაზონ კიევს აშშ-მა და სხვა დასავლელმა მოკავშირეებმა. მისი თქმით, ეს დეტალები სამშვიდობო მოლაპარაკებებში უნდა დამუშავდეს.
„არსებობს რამდენიმე ფორმულირება, კონფიგურაცია, მაგრამ ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ უკრაინას ჰქონდეს სუვერენული დამოუკიდებლობა“, — განაცხადა მან.
ვენსმა თქვა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მიზნად ისახავს, დაარწმუნოს პუტინი, რომ რუსეთი უფრო მეტს მიაღწევს მოლაპარაკებების მაგიდასთან, ვიდრე ბრძოლის ველზე.
ვენსმა შესთავაზა რუსეთს ურთიერთობის აღდგენა უკრაინასთან დაკავშირებით წარმატებული შეთანხმების შემდეგ და თქვა, რომ მოსკოვის ამჟამინდელი იზოლაცია დასავლური ბაზრებისგან მას აქცევს პეკინის უმცროს პარტნიორად.
„პუტინის ინტერესებში არ არის, უმცროსი ძმა იყოს ჩინეთთან კოალიციაში”, — თქვა ვენსმა.
აშშ-ის ხედვა თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა რამშტაინის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე თქვა, რომ უკრაინის დაბრუნება 2014 წლამდე საზღვრებთან და ნატოში გაწევრიანება არარეალისტური მიზანია. ამის ნაცვლად, ჰეგსეთის თქმით, უკრაინამ უნდა მიიღოს უსაფრთხოების ძლიერ გარანტიები, რომლებიც გამაგრებული იქნება ქმედუნარიანი ევროპული და არაევროპული ჯარების მიერ. ამასთან, თუ ეს ჯარები უკრაინაში სამშვიდობოებად განლაგდებიან, ეს არ უნდა მოხდეს ნატოს ეგიდით.
მეორე დღეს ჰეგსეთმა განმარტა თავისი კომენტარი და თქვა, რომ ლაპარაკობდა სამშვიდობო მოლაპარაკებების კონტექსტში, თუმცა ყველაფერი მაგიდაზეა და ტრამპის გადასაწყვეტია, რა დათმობებზე წავა ან არ წავა. ვენსი დაეთანხმა იმ მოსაზრებას, რომ ტრამპს შეუძლია აზრის შეცვლა იმისდა მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოლაპარაკებები.
ამ თემაზე:
უკრაინის 2014 წლამდე საზღვრებთან დაბრუნება არარეალისტურია — აშშ-ის თავდაცვის მდივანი