დღეს გახდება ცნობილი, რა დაიდგმება გორში სტალინის ძეგლის ნაცვლად.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის კონკურსის შედეგებს დღეს გამოაცხადებენ.
სამინისტროს ცნობით, კონკურსში 41 ავტორის ესკიზი იყო წარმოდგენილი, რომელთა დათვალიერების საშუალება დაინტერესებულ საზოგადოებას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ერთი თვის განმავლობაში ჰქონდა.
საუკეთესო პროექტის გამოსავლენად, სპეციალურმა კომისიამ მუშაობა დაასრულა და შედეგებს დღეს თავად კულტურის მინისტრი, ნიკოლოზ რურუა გაახმაურებს.
სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ხაზგასმულია, რომ მემორიალი, “რომელიც გორის ცენტრალურ მოედანზე საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის ძეგლის ნაცვლად უნდა დაიდგას, რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შედეგად დაღუპულ ადამიანებს, მათ შორის, ჰოლანდიელ ჟურნალისტს, სტენ სტორიმანს მიეძღვნება.”




