ახალი ამბები

ეს მოძრაობა, რაც დღესაა, ბოლო შანსია, რომელიც უნდა გამოვიყენოთ— გიორგი ახობაძის წერილი ციხიდან

13 თებერვალი, 2025 •
ეს მოძრაობა, რაც დღესაა, ბოლო შანსია, რომელიც უნდა გამოვიყენოთ— გიორგი ახობაძის წერილი ციხიდან

„არც ერთი წამით არ ვაპირებ არც უკან დახევას, არც გაჩერებას. სულ რომ გვირაბის გათხრა დამაბრალონ ბომბეიდან ლონდონამდე, წერონ და იკითხონ! ბუნებაში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ჩემს ბრალეულობას დაამტკიცებს და ჩემს ციხეში ყოფნას გაამართლებს! იმედი მაქვს, მალე შემოგიერთდებით ფიზიკურადაც! ჩემი სოლიდარობა რეჟიმის ყველა ტყვეს! ბრძოლა ბოლომდე!“ — ასე სრულდება რეჟიმის ტყვე გიორგი ახობაძის ახალი წერილი ციხიდან.

გიორგი ახობაძე 8 დეკემბრის ღამეს, აქციიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს. მას „განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით“ მუხლით ედავებიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

გიორგი ახობაძე ამბობს, რომ დაკავების მომენტში იგრძნო, როგორ ჩაუცურეს ჯიბეში რაღაც და ნარკოტიკი ჩაუდეს. 10 დეკემბერს მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მას პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებამდე გიორგი ახობაძე უვლიდა დედას, პალიატიურ პაციენტს, რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. სასამართლო პროცესზე ახობაძემ თქვა, რომ არ მიეცა დედის მოვლის საშუალება, „მისი ცხოვრების მთავარი პაციენტის მოვლის საშუალება“, რამაც გაზარდა მისი გარდაცვალების რისკები. წერილში გიორგი ახობაძე გვიზიარებს როგორ გადაავადა და გულში შეინახა გლოვა დედაზე და როგორი მადლიერია მხარდაჭერის და იმის, რომ დაკრძალვისას დედასთან გამოთხოვების საშუალება მიეცა.

„თქვენ, თქვენი დაუსაბუთებელი და უსისხლო, საერთო უგრძნობი გადაწყვეტილებით, არ მომეცით საშუალება, ჩემი ცხოვრების მთავარი პაციენტთან ზუსტად ის ნაბიჯები გადამედგა, რომელიც ჩემს თითოეულ პაციენტს აქვს მიღებული. თქვენ არ მიეცით ქართველ დედას იმის საშუალება, თავისი ცხოვრების ბოლო თვე გაეტარებინა მისი შვილის გვერდით, რომელიც არის ექიმი და რომელიც მასზე ზრუნავდა. მე შენ გთვლი მკვლელად!“ — მიმართა გიორგი ახობაძემ პროკურორ შმაგი გობეჯიშვილს პროცესზე.

გიორგი ახობაძის ახალ წერილს მისი და, მანანა ახობაძე ავრცელებს. ნეტგაზეთი წერილს უცვლელად გთავაზობთ.


გამარჯობა და გამარჯვება ყველა ჩემს გულშემატკივარს და თანამებრძოლს. დიდი ხანია, წერილის დაწერა მინდა, მაგრამ ვერ ვაბამდი თავს. ალბათ იყო ემოციაც, ღელვაც, შფოთიც და კიდევ სხვა მიზეზებიც, რომლებსაც ჯერ ვერ ვხვდები, რაც ამაში ხელს მიშლიდა. კომუნიკაციის ეს ფორმა ძალიან უჩვეულოა დღევანდელი დღისთვის, როცა მივეჩვიეთ სოციალურ ქსელებს და ამიტომ ამასაც დამუღამება უნდა. წერილი თავისებური თხზულებაა, როგორც ჩანს და ამაში სკოლიდან მოყოლებული უნიჭო ვარ. ჩემი ქართულის მასწავლებელი, კახა თოდაძე დამეთანხმება ამაში. აქვე დროს ვიხელთებ და მას მოვიკითხავ. ერთ-ერთი დასამახსოვრებელი, რაც სკოლიდან წამოვიღე, მისი ლექცია-გაკვეთილები იყო, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინა ჩვენს კლასში ქართველობის იდენტობის ჩამოყალიბებაზე. ამას მაშინ ნაკლებად ვხვდებოდი, მაგრამ ახლა რომ ვიხსენებ, ეს ცალსახაა. დიდი მადლობა ამისთვის, კახა მას.

ყველას უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ თანაგრძნობისთვის და გვერდში დგომისთვის, რაც ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ გამოხატეთ იმ უმძიმეს დღეებში, როცა დედა გარდაიცვალა. ამას არასოდეს დავივიწყებ. სამწუხაროდ, მე ჯერ ვერც ვიგლოვე. ამის არც ადგილია აქ და არც დრო. ეს შიგნით გულში მაქვს შენახული, თავისებურ დახურულ ყუთში, რომელსაც მაშინ გავხსნი, როცა აქაურობას დავემშვიდობები. სიმშვიდეს ის მინარჩუნებს, რომ საშუალება მომეცა უკანასკნელად ჩავხუტებოდი და ისე გამეცილებინა მამასთან. დარწმუნებული ვარ, თუ რამე გრძელდება დედამიწაზე სიცოცხლის შემდეგ, ისინი ერთად არიან ახლა და ჩახუტებულები.

არ შემიძლია და არასწორი ვიქნები, მადლობა არ გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ჩემ გადაყვანაზე იზრუნა პანაშვიდის დღეს. არც ამას დავივიწყებ არასოდეს, იმიტომ რომ ეგ იყო ის, რამაც დამტოვა „ცოცხლად“. ეს ბოლო „ნახვამდის“ იყო ის, რასაც მერე უკვე ვეღარ გავაკეთებდი. დანარჩენი ჩემ „გულის ყუთშია“ და როცა დრო მოვა გავხსნი.

ჩემს გულის ნადებს გავაგრძელებ ჩვენს საერთო ბრძოლაზე და საქმეზე საუბრით. ალბათ ამას ყველა გრძნობთ, ხედავთ და ხვდებით, რომ ჩაისახა და ძალას იკრებს ის მრავალფეროვანი ერთობა, რომელსაც ამდენი ხანია, ყველა ველოდებოდით. ერთი დიდი ბირთვი იკვრება, რომელსაც ქართული სახელმწიფოს ძრავის ფუნქცია უნდა დაეკისროს. იმის გამო, რომ ათწლეულებია, საბჭოთა საქართველოს ნანგრევებში დავაბიჯებდით, ბევრი ადამიანი ჩვენ ირგვლივ უიმედობაშია ჩავარდნილი. მახინჯ წრეზე გვაქვს ნაბოდიალები 90-იანებიდან მოყოლებული. როგორც ჩანს, არ გვქონდა ნაგრძნობი ის, რას ნიშნავს იყო სახელმწიფოს ნაწილი, როგორ უნდა იპოვო სხვა ნაწილები, იპოვო საერთო და ააშენო ერთი მთლიანი.

ახლა ვინც გარეთ ვდგავართ, ვართ ქართული სახელმწიფოს „ფაზლის“ ის ნაწილები, რომლებმაც ჩვენი ერთობით და დაუღალავი ბრძოლით, ამ ფაზლის სხვა იმედგაცრუებულ ნაწილებს უნდა ვანახოთ და დავაჯეროთ კვლავ, რომ ჩვენ, ქართველებს, შეგვიძლია ავაწყოთ ერთობა, მოვიტანოთ რეალური ცვლილებები და შემდეგ ვიზრუნოთ სახელმწიფოს პროგრესის უწყვეტობაზე. ჩვენ ვართ ისინი, ვინც დანარჩენებს უნდა გავუღვიძოთ იმის რწმენა, რაც გერბზე გვიწერია — „ძალა ერთობაშია“. ჩვენ ვართ ის ძალა, რომელიც ამიერიდან აღარცერთ მთავრობას არ მისცემს საშუალებას, ირბინოს მოქალაქეების თავებზე. ჩვენ ბევრ რამეს ვსწავლობთ ახლა. მთავარი, რაც უნდა გვამოძრავებდეს, არის სოლიდარობა და ემპათია თითოეული ჩვენი გვერდში მდგომის მიმართ. ზუსტად ამის დეფიციტმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ახლა ვართ – პოლარიზებულ ჭაობამდე. ნაწილი ჩვენგანი წინა ხელისუფლების დროს ვერ ხედავდა სხვის ჭირს, ნაწილი ახლა ვერ ხედავს, ნაწილი ორივე პერიოდში ხედავდა, მაგრამ საიმედო თანამებრძოლს ვერ პოულობდა და დანებდა.

ასე მგონია და ვგრძნობ, რომ ეს მოძრაობა, რაც დღესაა, არის ის ბოლო შანსი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. დღეს ჩვენი დანებება გამოიწვევს ისეთ მენტალურ და იდენტობის მარცხს ამ ქვეყანაში, რომ თაობები დაჭირდება ახალი შანსის გაჩენას. ძალიან ბევრი ამ ქვეყანაზე შეყვარებული, მაგრამ უიმედოდ მყოფი ქართველი გვიყურებს და იმედი მაქვს, ნელ-ნელა იჯერებს ჩვენი ბრძოლის გულწრფელობას და უწყვეტობას. ამიტომ ჩვენ ეს გზა უნდა გავიაროთ ბოლომდე!!! ჩვენ უნდა შევქმნათ ის დიდი გუნდა, რომელიც დაეშვება, გადიდდება და წალეკავს საბჭოთა ნარჩენებს ქართულ ცნობიერებაში და ცხოვრების ფორმაში.

ბრძოლა იქნება ბოლომდე!

ორი სიტყვა აქაურობაზეც მინდა დავწერო. გამოგიტყდებით და აქ მოხვედრის ძალიან მეშინოდა. მეგონა, ციხის კართან მთავრდება სიცოცხლე. შეიძლება ეს ასეთი შეგრძნებაც იყოს, როცა აქ დანაშაულის გამო ხვდები. ახლა ვგრძნობ, რომ არაფერიც არ მთავრდება, ეს შიში არ იყო სწორი. საოცრად მშვიდად და შემართებით ხარ, როცა იცი, რომ მართალი ხარ. ერთადერთი, რაც მაკლია, ჩემი სოციალური ქსელებია და ჩემი ტანი რუსთაველზე თქვენთან ერთად. დანარჩენი ყველაფერი ისევ აქაა ჩემთან ერთად და არც ერთი წამით არ ვაპირებ არც უკან დახევას, არც გაჩერებას. სულ რომ გვირაბის გათხრა დამაბრალონ ბომბეიდან ლონდონამდე, წერონ და იკითხონ!

ბუნებაში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ჩემს ბრალეულობას დაამტკიცებს და ჩემს ციხეში ყოფნას გაამართლებს!

იმედი მაქვს, მალე შემოგიერთდებით ფიზიკურადაც!

ჩემი სოლიდარობა რეჟიმის ყველა ტყვეს!

ბრძოლა ბოლომდე!

მასალების გადაბეჭდვის წესი