თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ ოპერატორ სერგი ბარამიძეს, რომელსაც პროფესიული საქმიანობის დროს პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა, სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადა.
სერგი ბარამიძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
სასამართლომ ოპერატორი პოლიციელის დაუმორჩილებლობის ნაწილში სამართალდამრღვევად ცნო და მას სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადა. ხოლო ხულიგნობის ნაწილში ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყვიტა.
სერგი ბარამიძე პოლიციამ 2024 წლის 19 ნოემბერს აქციაზე იმ დროს დააკავა, როცა პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. მისი დაკავება იმ დროს მოხდა, როცა ოპერატორი დაკავებებს იღებდა.
სერგი ბარამიძის თქმით, დაკავებისას პოლიციამ მასზე ფიზიკურად იძალადა. მას დაზიანებები თავსა და თვალის არეში აღენიშნებოდა.
„ძირს ვეგდე და მირტყამდნენ. ყველა მირტყამდა, ვისაც გაუხარდებოდა. ძალიან ბევრნი იყვნენ“ ,– აცხადებდა ოპერატორი სერგი ბარამიძე.