ჰადსონის ინსტიტუტის მკვლევარი, ნეით სიბლი სტატიას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ ბრიტანეთი უნდა შეუერთდეს ამერიკას და სანქციები დაუწესოს საქართველოში პუტინის მარიონეტს – ბიძინა ივანიშვილს.
ნეით სიბლი, რომელიც ჰადსონის ინსტიტუტში „კლეპტოკრატიის ინიციატივის“ დირექტორია , აცხადებს, რომ ივანიშვილის მსგავს კლეპტოკრატებს მოპარული სიმდიდრის გასათეთრებლად არ უნდა შეეძლოთ ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიების გამოყენება.
„მაგრამ თუ ისინი ასე გააგრძელებენ, ამიერიდან მათ უნდა იცხოვრონ შიშით, რომ დიდი ბრიტანეთი გამოიყენებს სანქციებს მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით“, – წერს ნეით სიბლი.
თავის სტატიაში ჰადსონის ინსტიტუტის მკვლევარი ახსენებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ივანიშვილების ოჯახის 95-ზე მეტი ქართული კომპანია რეგისტრირებულია გაერთიანებული სამეფოს ოფშორულ ტერიტორიებზე, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებსა და კაიმანის კუნძულებზე.
„როგორც ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიებს, ამ კუნძულებს მოეთხოვებათ სანქციების აღსრულება კომპანიებთან ნებისმიერი ტრანზაქციის აკრძალვით და მათ საკუთრებაში არსებული აქტივების გაყინვით. ივანიშვილის მსგავსი კლეპტოკრატები იშვიათად არიან ისეთი სულელები, რომ ყველა კვერცხი ერთ კალათაში შეინახონ.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ საზღვარგარეთ მისი ფინანსური აქტივები ვირჯინიის კუნძულების ან კაიმანის საბანკო ანგარიშებზე იყოს, ალბათ განლაგებულია სხვა იურისდიქციებში მსგავსი სუსტი ზედამხედველობით, მაგრამ უკეთესი ფინანსური სექტორებით.
საბედნიეროდ, სანქციების საფრთხე ხშირად საკმარისია იმისთვის, რომ სხვა იურისდიქციების ბანკები დაარწმუნონ, შეწყვიტონ თვალის დახუჭვა და საეჭვო კლიენტთან ურთიერთობა.
აშშ დოლარის გლობალური როლის გათვალისწინებით, ამ მხრივ ყველაზე დიდი გავლენა ვაშინგტონს აქვს. თუმცა დიდ ბრიტანეთი, როგორც მსოფლიოში სიდიდით მეორე ფინანსური ცენტრი, ასევე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს“, – ნათქვამია ნეით სიბლის სტატიაში.