„ბათუმელების“ რედაქტორი ეთერ თურაძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის მცდელობა ჰქონდა, თუმცა, უშედეგოდ.
თურაძის თქმით, სურდა პაპუაშვილისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და ეთქვა, რომ შეწყვიტოს მისი გაშავება.
„მზია ამაღლობელი არის პოლიტიკური ინტერესების მსხვერპლი და ამის გათვალისწინებით, მე დღეს მქონდა მცდელობა შევხვედროდი შალვა პაპუაშვილს, ამ ადმინისტრაციულ შენობაში გადაწყვეტილების მიმღებ პირს. მე მას დავუკავშირდი მისი თანაშემწის და სხვა პირების საშუალებით, ვცადე დაკავშირება, ასევე მივწერე პირადად მესიჯიც პირად ტელეფონის ნომერზე, მაგრამ მასთან კომუნიკაცია ვერ შედგა. როგორც მითხრეს, კონტაქტის დამყარება ვერ შეძლეს, არც ჩემს მესიჯზე ჰქონია გამოხმაურება.
რა მივწერე შალვა პაპუაშვილს – მინდოდა მისთვის მეცნობებინა მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონაცემები, მას აქვს ჯანმრთელობის სხვადასხვა ტიპის დარღვევა, ღრმა დეტალებში არ შევალ. ასევე მინდოდა მეთქვა მისთვის, რომ ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ ფუნქციონირებს კონსტიტუცია, შეეშვას უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას, შეეშვას მზია ამაღლობელის გაშავებას პირადად. არ არის ეს სწორი არც პოლიტიკურად, არც კაცურად, არც ნებისმიერი გაგებით, რა გაგებასაც ისინი აღიარებენ. არ არის სწორი, ადამიანი, ქალი, რომელიც არის სინდისის პატიმარი, ყოველდღიურად იყოს თავდასხმის მსხვერპლი ამ ვერტიკალის. თავიანთ სასამართლოს მაინც დაელოდონ და ისე თქვან, რომ არის მზია დამნაშავე.
შესაბამისად, მე მოვუწოდებ და ვთხოვ, შეწყვიტოს ეს პროცესი, ასევე მზად ვარ იმისთვის, რომ მარტო შევხდე და ავუხსნა დეტალები, რადგან მე ვარ თვითმხილველი ამ ამბის, რაც ხდებოდა იქ. რა თქმა უნდა, მას შეუძლია არ გაიზიაროს ჩემი მონათხრობი, მაგრამ მე მას დაჟინებით ვთხოვ, ასევე სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირებს, რომ შეეშვან მზია ამაღლობელის გაშავებას, ისედაც ძალიან დიდი ქარხანა მუშაობს მზიას წინააღმდეგ და „აცადონ“ ამ ქარხანას, მათი ტროლებისა და ბოტების ქარხანას ვგულისხმობ, მზიას გაშავება, თვითონ თავი შეიკავონ“, – განაცხადა ეთერ თურაძემ.