მსახიობი, პარტია “ლელოს” წევრია ვეფხვია კასრაძე ციხიდან გამოგზავნილი წერილით მოქალაქეებს მოუწოდებს, არ შეწყვიტონ პროტესტი. მისი თქმით, დემონსტრანტების ბრძოლა, ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვის გარდა, ამავე აქციებზე დაკავებულთა თავისუფლებისთვს ბრძოლაცაა, რისთვისაც მადლობას უხდის მათ.
TV პირველისთვის გაგზავილ წერილში კასრაძე საუბრობს იმ ახალგაზრდების შესახებ, რომლებსაც იმავე საქმის ფარგლებში აქვთ ბრალი წარდგენილი. საუბარია 18-25 წლის ახალგაზრდებზე, რომელთა ნაწილს, კასრაძის მსგავსად, ძალადობის ორგანიზება ედება ბრალად, ნაწილს კი – ამ ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობა. კასრაძე ამბობს, რომ მშობლებმა უნდა იამაყონ ამ ახალგაზრდებით, რადგან ისინი “სიმტკიცის, კულტურის და მაღალი ზნეობის” მაგალითები არიან.
“მოგესალმები ჩემო საქართველო! მოგესალმებით რუსთაველის გამზირის გმირებო! გილოცავთ შობა-ახალ წელს და ახალი საქართველოს დაბადებას! დღეს სწორედ რუსთაველზე დგას ის უზარმაზარი გრდემლი, სადაც საქართველოს უახლესი ისტორიის ფარი და მახვილი იჭედება! სადაც საქართველოს ჯაჭვის პერანგი იქსოვება! და იმ ჯაჭვის პერანგის თითოეული რგოლი თქვენ ხართ, თითოეული ახალგაზრდა, თითოეული მოქალაქე. ბრძოლის ცეცხლში გატარებული და საკუთარ სისხლში გაციებული, როგორც ფოლადი, ხორუმის ცეკვით რომ ექსოვებით საქართველოს ჯაჭვის პერანგად, ჩვენ აქ გავდივართ წრთობას ციხის კედლებში.
ჩვენი სამჭედლოც და გრდემლიც აქ არის. ვერავინ ვერასოდეს ვერ შეძლებს გატეხოს ამ მართლაცდა ფოლადისგულა ახალგაზრდების გულები, ესენი საქართველოს ჰგვანან, თავიანთი ბობოქარი უტეხი სულებით. გამორჩეული კაცთმოყვარეობით, მიმტევებლები, არნახული ნიჭიერებით და ზრდილობით, მეგობრობით და გამორჩეული ბრძოლისუნარიანობით. განა ასეთი არ არის საქართველო? ეს თაობა აუცილებლად გაარღვევს უკუნს და შეძლებს ძლიერი საქართველოს აშენებას, რაც სამწუხაროდ ჩვენმა თაობამ ვერ შევძელით.
ბედნიერი ვარ, ამ გმირების გვერდით რომ ვარ და მათი ჭირ-ვარამის მოზიარე ვარ. მათთან ერთად ვიძინებ და ვიღვიძებ, მათთან ერთად პურს ვტეხავ და ლუკმას ვინაწილებთ. ბედნიერი ვარ, რომ მათზე ზრუნვის საშუალება მეძლევა, ვინც ჩემს საკანში იმყოფება. ეს ჩემი შვილების თაობაა და ვალდებული ვარ ვიზრუნო მათზე აქამდე თუ ხუთი შვილი მყავდა, ეხლა 8 შვილის მამა ვარ, ესენი ჩემი შვილები არიან და ყველა ის ახალგაზრდა, რომლებიც სხვადასხვა საკანში იმყოფებიან, ყოველდღე ვკითხულობ მათ ამბებს და მხოლოდ და მხოლოდ მათი სიმტკიცის, კულტურის და მაღალი ზნეობის ამბებს ვიგებ. მათ ყველა თანამშრომლის სიმპათია და პატივისცემა დაიმსახურეს ამ ერთი თვის განმავლობაში.
თქვენ უნდა იამაყოთ თქვენი შვილებით, დედებო და მამებო. ვერც კი წარმოიდგენ, რა კაცები გაუზარდეთ სამშობლოს. ამიტომ გისურვებთ მხნეობას თქვენ და მთელ საქართველოს.
“რუსთაველის მცველებო”, არ დანებდეთ, არ დაიღალოთ. იბრძოლეთ ბოლომდე, არ დასთმოთ საქართველოს ევროპული მომავალი, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! მადლობა ყველას, ვისაც გახსოვართ, არ გვავიწყდებით და იბრძვით ყოველდღე ჩვენი თავისუფლებისთვის, რითიც უდიდეს მხნეობას გვმატებთ! დიდება საქართველოს თქვენი თავდაუზოგავი ბრძოლის შედეგად, მალე სანატრელ გამარჯვებას მოვიპოვებთ და როდესაც ერთად ამ დიდ გამარჯვებას ვიზეიმებთ, ამ სიტყვებით მოგმართავთ: “გეტყვი, რომ მოველ, ბრძოლა ნახული / და სიკვდილამდე თქვენთან დავრჩებით / ხომ ლამაზია მზე გაზაფხულის? / ბრძოლების შემდეგ მზე გამარჯვების!”, – წერს ვეფხვია კასრაძე.
ვეფხვია კასრაძე 4 დეკემებრს დააკავეს. მას ბრალდება წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
6 დეკემებრს მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. იმავე მუხლით დაპატიმრებულია კიდევ ორი ადამიანი – “ლელოს” წევრი, ვასილ კაძელაშვილი და 19 წლის ზვიად ცეცხლაძე.
ამავე საქმის ფარგლებში დაკავებულია კიდევ 5 ახალგაზრდა – 18 წლის სტუდენტი საბა ჯიქია, 20 წლის სტუდენტი გიორგი გორგაძე, 19 წლის სტუდენტი ირაკლი მიმინოშვილი, 20 წლის სტუდენტი ნიკოლოზ ჯავახიშვილი და 24 წლის თორნიკე გოშაძე. მათ ბრალდება წარდგენილი აქვთ 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილებას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ამავე თემაზე: