ახალი ამბები

კობახიძე ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ 21 დეკემბრის აქციაზე 3000-მდე ადამიანი “ძლივს შეკრიბეს”

22 დეკემბერი, 2024 •
კობახიძე ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ 21 დეკემბრის აქციაზე 3000-მდე ადამიანი “ძლივს შეკრიბეს”

“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ 21 დეკემბრის აქციაზე 3000-მდე მოქალაქე მონაწილეობდა. ის ამტკიცებს, რომ პროევროპულ აქციებზე ხალხი აღარ დადის.

კობახიძემ განაცხადა, რომ გუშინ, 21 დეკემბერს, სალომე ზურაბიშვილს შეხვედრა ჰქონდა ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ხელახალი არჩევნების დანიშვნის განსახილველად. კობახიძემ თქვა, რომ ამის შესახებ მათ ვიღაცები ეუბნებიან, თუმცა ინფორმაციის წყარო არ დაუსახლებია.

“ჩვენ გვეუბნებიან, რომ მათ – არ ვიცი, რა წრეში -, ჰქონდათ სერიოზული მსჯელობა არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით. რეალურად, სალომე ზურაბიშვილმა შეკრიბა ოპოზიციური სპექტრი და NGO-ები სწორედ იმ განზრახვით, რომ მას გუშინ უნდა დაენიშნა საპარლამენტო არჩევნები. მიზანი იყო ცხადი – აჟიოტაჟის შექმნა.

ხედავთ, რომ ხალხი აღარ მონაწილეობს შეკრებებში. გუშინ სრული მობილიზაცია ჰქონდათ გამოცხადებული და აქაც კი 3000 კაცამდე ძლივს შეკრიბეს. შემდეგ, ხედავდით, რომ აზიარებდნენ შარშანდელი აქციის ფოტომასალას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქვეყნის ევროპული პერსპექტივის მხარდამჭერი აქციების 24-ე დღეს, პარლამენტთან ათობით ათასი მოქალაქე შეიკრიბა. მთელი დღის განმავლობაში, დედაქალაქის მასშტაბით არაერთი მარში გაიმართა – მოქალაქეები სხვადასხვა თემატური ნიშნით იკრიბებოდნენ თბილისის სხვადასხვა წერტილში და მსვლელობით მიემართებოდნენ პარლამენტისკენ.

პლატფორმა Visioner-ის გათვლებით, 20-ზე მეტი მარშსა და დღის ბოლოს, პარლამენტთან გამართულ აქციაში მონაწილეობა 200 000-მდე მოქალაქემ მიიღო.

ფოტო: Ezz Gaber

მასალების გადაბეჭდვის წესი