თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის მეუღლე, სევინჩ სადიგოვა ნეტგაზეთთან ამბობს, რომ ბოლოს მეუღლე 13 დეკემბერს ნახა. მისი თქმით, სადიგოვი უკვე 89-ე დღეა შიმშილობას აგრძელებს, ხოლო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება.
“მან წონაში ძალიან დაიკლო, მხოლოდ ძვალი და ტყავიღა დარჩა. ძალიან სუსტადაა და ინვალიდის ეტლით გადაადგილდება. აფგანი აგრძელებს შიმშილობას. სამწუხაროა, რომ აქ სახელმწიფო კანონს არ ექვემდებარება. ისინი ალიევის რეჟიმის ბრძანებების შესაბამისად მოქმედებენ. აფგანი ძალიან დასუსტდა, სულ ამბობს, რომ ძალიან სცივა, ასეთ მდგომარეობაში, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად დიდხანს ყოფნა შეუძლებელია. ჩვენ არ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, რა მოხდება სამომავლოდ, მაგრამ დღეისთვის ასეთი მდგომარეობაა”, – ამბობს სადიგოვის ცოლი.
რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციის შესახებ, სევინჩ სადიგოვა ფიქრობს, რომ პროცესი გარკვეული დროით გაიწელება.