იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რუმინეთის მსგავსად, აცხადებს, რომ არ უთქვამს უარი „ოცნების“ წინააღმდეგ დასაწესებელი სანქციების მიღებაზე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროკავშირის წევრებიდან 5-მა ქვეყანამ არ დაუჭირა მხარი სანქციებს — უნგრეთმა, ესპანეთმა, სლოვაკეთმა და ასევე რუმინეთმა და იტალიამ. ეს ორი ამბობს, რომ მათ ასეთი პოზიცია არ ჰქონდათ.
„იტალიამ მხარი დაუჭირა კაია კალასის შეთავაზებულ ზომებს, მათ შორის სანქციებს, რომელთა დაბლოკვაც სხვა წევრებს შორის კონსენსუსის არქონის გამო შედგა. იტალიამ მხარი დაუჭირა დიპლომატიური პასპორტის მქონეთათვის უვიზო რეჟიმის გაუქმებასაც.
იტალია იმეორებს, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით უნდა იდგეს და იმედოვნებს, რომ გადაიხედება ოფიციალური თბილისის ბოლო გადაწყვეტილებები, რომლითაც ევროპული გზა გადაკეტეს“, — ნათქვამია განცხადებაში.