აქციაზე ერთ-ერთ დაკავებულ დემონსტრანტს, გიორგი ახობაძეს, რომელსაც ნარკოდანაშაულს ედავებიან, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მიიღო. მან გაითვალისწინა პროკურორ შმაგი გობეჯიშვილის მტკიცება, რომ არსებობდა საფრთხე დაკავებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის.
გიორგი ახობაძე პროფესიით ექიმია და რუსული კანონის წინააღმდეგ 2023 წლის გაზაფხულის აქციებიდან მოყოლებული, აქტიურად ეწინააღმდეგება „ქართული ოცნების“ პოლიტიკას. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს. მას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
როგორც ახობაძემ ადვოკატთან პირველივე შეხვედრისას გაიხსენა, მისი დაკავებისას ვიდეოგადაღება არ მიმდინარეობდა და დაკავებისას იგრძნო, როგორ ჩაუცურეს ჯიბეში რაღაც. 7-8 დეკემბრის ღამეს, ის მეგობართან ერთად თამარ მეფის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობდა, როცა საპატრულო პოლიციამ გააჩერა. ახობაძე მესამე დღეა შიმშილობს.
„ეს ადამიანი 1 წელია, რომელიც სახლიდან ვერ ახერხებს დიდი ხნით გამოსვლას, რადგან უვლის ინსულტიან დედას, რომელსაც უყენია ტრაქეოსტომა, რომ ისუნთქოს და მოხდეს 3 საათში ერთხელ საჰაერო გზების გაწმენდა, უყენია გასტროსტომა, საიდანაც ხდება საკვების ხელოვნურად მიწოდება, თურმე 4 გრ ალფა პვპ-თი მოძრაობდა აქციაზე.
ოღონდ ამ ნარკოტიკის მისი ჯიბიდან ამოღება მოხდა ისეთ ადგილას, სადაც არაა არცერთი კამერა, არცერთ პოლიციელს არ ჰქონდა არც სამკერდე კამერა და არც მობილური, რომ ჩხრეკის პროცესი გადაეღოთ. ჩასვეს 2 თვით წინასწარზე. მიიმალება, ქვეყნიდან გაიქცევა, მტკიცებულებებს გაანადგურებს და მოწმეებზე მოახდენს ზეწოლასო“, — წერს ზურაბ ჯაფარიძე გიორგი ახობაძის შესახებ სოციალურ ქსელში.