ახალი ამბები

სუბელიანს ბრალი ღამის I საათზე წაუყენეს

28 ოქტომბერი, 2010 •
სუბელიანს ბრალი ღამის I საათზე წაუყენეს

28 ოქტომბერს, ღამის პირველ საათზე, მოდულის შენობაში სოზარ სუბარის ძმას ვახტანგ სუბელიანს, ყალბი ანგარიშ–ფაქტურების დამზადების ბრალდებით,  სისხლის სამართლის კოდექსის 210–ე მუხლით წაუყენეს ბრალი.

სუბელიანის ადვოკატი ირმა ჭკადუა ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ დღის ბოლომდე თბილისის საქალაქო სასამართლო მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს.

საქალაქო სასამართლოში პრეს–სამსახურის წარმომადგენლის თამუნა ანდრიაძის თქმით, სუბელიანისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე პროცესი ჯერ არ არის ჩანიშნული.

კუდ–მა (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი) სუბელიანთან ერთად რამდენიმე ინდმეწარმე და სხვადასხვა შპს–ს თანამშომლები 26 ოქტომბერს, ღამით, დააკავა.

სოზარ სუბარს ამ დრომდე არ გაუკეთებია განცხადება ძმის დაკავებასთან დაკავშირებით. ირმა ჭკადუა გუშინ შეხვდა მისი დაცვის ქვეშ მყოფს და ასევე აღნიშნული საქმის გამომძიებელს.

ვახტანგ სუბელიანი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. 

ირმა ჭკადუა ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ დღეს კიდევ ერთხელ შეხვდება ვახტანგ სუბელიანს. ამ წუთებში ის მოდულის შენობასთან იმყოფება და მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრას ელოდება.

ჭკადუა ამბობს, რომ აღკვეთის ღონისძიების შესახებ პროცესის ჩანიშვნამდე, ის ჟურნალისტებისთვის ბრიფინგის გამართვას გეგმავს.




მასალების გადაბეჭდვის წესი