შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ერთი პირი დააკავეს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით.
შსს ამ ცნობას 3 დეკემბრის ღამით ავრცელებს. ამ ინფორმაციის თანახმად დაკავებულია 1987 წელს დაბადებული თ.ზ.
“ პირველ დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებულის მიერ სამართალდამცველების მისამართით ნასროლი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილით სამინისტროს ბალანსზე რიცხული წყლის ჭავლის ავტომობილი დაზიანდა”, ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ცნობაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს ასევე აცხადებს, რომ ამ დროისთვის 5 პირია დაკავებული, რომელთა მიმართაც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
პოლიციამ მიმდინარე აქციების დროს 200- ზე მეტი ადამიანი დააკავა ადმინისტრაციული წესით.
- თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში მასობრივი დემონსტრაციები 28 ნოემბერს დაიწყო, როდესაც “ოცნებამ” განაცხადა, რომ აჩერებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე.
- 28 ნოემბრის შემდეგ დემონსტრანტები ღამეს ათავენ რუსთაველის გამზირზე, მათ არბევს სპეცდანიშნულების რაზმი, ფიზიკურად უსწორდება და აკავებს მოქალაქეებს, უშვებს წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს.